გერგეტის სამების საეკლესიო კომპლექსის რეაბილიტაციისთვის 614 000 ლარი გამოიყო, - ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯავა კონსტრაქშენი“.
"ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - გერგეტის სამების ინტერიერში სახურავიდან ბუნებრივი ნალექი ჩადიოდა. გადახურვის ნაშვერების არქონის გამო სახურავიდან ჩასული ნალექი პირდაპირ კედელზე ჩამოედინებოდა, რაც აზიანებდა კედლის საფასადე წყობასა და ცოკოლს.
პროექტით გათვალისწინებულია მთავარი ტაძრისა და სამრეკლოს სახურავის შეცვლა, წყლის გადაყვანის სისტემის მოწესრიგება, ექსტერიერსა და ინტერიერში კედლის ქვის წყობის კონსერვაცია და ტაძრის პერიმეტრიდან ბუნებრივი ნალექის ნაკადების ეზოსკენ მიმართვა", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
გერგეტის სამება ერთადერთი გუმბათოვანი ტაძარი და, ამავე დროს, ყველაზე დიდი ეკლესიაა ხევში. ეს არის ხევის მთავარი სალოცავი. გალავნით შემოზღუდულ კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი, სამრეკლო (XIV ს.) და საბჭეო (XV ს.).