გერმანია დაინტერესებულია სამხრეთის გაზის დერეფნის სამომავლო განვითარებით, რაც აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზის ტრანსპორტირებას გულისხმობს, - ამის შესახებ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა აზერბაიჯანულ მედიას რეგიონში ანგელა მერკელის ვიზიტის თემის კომენტირებისას განუცხადა.
„ჩვენ დაინტერესებულები ვართ ალტერნატიული მილსადენის მშენებლობით, რომელიც თურქეთიდან ევროპის მიმართულებით მოახდენს გაზის ტრანსპორტირებას. ჩვენ ასევე გვაქვს დიდი ინტერესი სამხრეთის გაზის დერეფნის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებითაც“, - წერს TREND.AZ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით.
ამასთან, მისივე ცნობით, ევროპული ბუნებრივი აირის სერვისების TAP-ისა და TANAP-ის პროექტებთან დაკავშირება ევროკავშირისთვის პრიორიტეტად რჩება.
„გლობალურ ენერგო პოლიტიკაში აზერბაიჯანი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ბერლინი ღიაა რომ მოახდინოს ბუნებრივი გაზის იმპორტი სხვა ქვეყნებიდანაც, როგორიცაა მაგალითად ირანი, თურქმენეთი და ერაყი“.
"სამხრეთის გაზის დერეფანი" ითვალისწინებს აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებას საქართველო-თურქეთის გავლით ევროპის ბაზარზე. Tanap სამხრეთის გაზის დერეფნის ნაწილია, რომელიც აზერბაიჯანული საბადოდან „შაჰ -დენიზიდან“ ბუნებრივი აირის ექსპორტს უზრუნველყოფს ევროპის მიმართულებით. ევროპაში აღნიშნული ბუნებრივი აირის მიწოდება 2020 წლიდან იგეგმება, როდესაც TAP-ის მილსადენის მშენებლობა დასრულდება.

























