მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების განახევრებას გეგმავს - Reuters

უკრაინა

მომავალი წლიდან გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების განახევრებას გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რისკი, აშშ-ის საპარლამენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, კიევს ამერიკული დახმარება საერთოდ შეუწყდეს - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გერმანიის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი დოკუმენტის თანახმად, 2025 წელს უკრაინის დახმარებისთვის 4 მილიარდი ევროა გაწერილი, ნაცვლად 2024 წელს გამოყოფილი 8 მილიარდისა. გერმანია იმედოვნებს, რომ უკრაინა დანაკლისს იმ 50 მილიარდ დოლარიანი სესხით დაიკმაყოფილებს, რომელსაც ევროკავშირი გაყინული რუსული აქტივებიდან გასცემს, და შეიარაღებისთვის განკუთვნილ თანხას კიევი სრულად არ აითვისებს.

"უკრაინის ფინანსები სამომავლოდ უზრუნველყოფილია, რაც ევროკავშირის მიერ მიღებული ზომებისა და "დიდი შვიდეულის" ქვეყნების სესხების დამსახურებაა", - განაცხადა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, ქრისტიან ლაინდერმა.

ამავე დროს, ვაშინგტონი ცდილობს, უკრაინისთვის გამოყოფილი სესხები წინასწარ გასცეს, რასაც ევროკავშირის ლიდერებიც თანხმდებიან, რადგან რისკი იმისა, რომ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში უკრაინა აშშ-სგან ამ სახსრებს ვეღარ მიიღებს, მაღალია. რისკებზე უკრაინის პარტნიორები მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურაზე სენატორი ჯ.დ ვინსი წარადგინა, რომელიც უკრაინის დაფინანსების წინააღმდეგ აქამდეც გამოსულა და ევროკავშირს მოუწოდებდა "საკუთარი კონტინენტი თავად დაეცვათ".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები