გერმანიის მთავრობამ 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაანახევრა. Reuters-ის ინფორმაციით, ქვეყნის ხელისუფლება წელს მშპ-ის ზრდას მხოლოდ 0.5%-ის ფარგლებში ელოდება. აღსანიშნავია, რომ შემცირდა მომავალი წლის ზრდის პროგნოზიც და ის 1.3%-ის მაგივრად 0.9%-ით განისაზღვრა.
როგორც ირკვევა, ეკონომიკური ტემპის შენელებაზე განსაკუთრებული გავლენა ირანის კონფლიქტმა და ინფლაციის ზრდის მოლოდინმა იქონია. შეგახსენებთ, 28 თებერვალს ირანზე აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი დარტყმების დაწყებამ ენერგორესურსების გაძვირება გამოიწვია. ამან კი გერმანიის ეკონომიკაზე პირდაპირ იმოქმედა. კერძოდ, მარტში ქვეყანაში ინფლაციის დონემ 2.8% შეადგინა. მთავრობა ვარაუდობს, რომ წელს სამომხმარებლო ფასები საშუალოდ 2.7%-ით გაიზრდება.
კიდევ ერთი მიზეზი, რაც ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირების განმაპირობებელი გახდა, არის ჩინეთის მხრიდან მზარდი კონკურენცია, რაც ექსპორტზე მორგებული ქვეყნისთვის სერიოზულ გამოწვევას ქმნის.
გერმანიაში შიშობენ, რომ საგარეო ვაჭრობაზე არამარტო ჩინეთის გავლენა, არამედ გლობალური გაურკვევლობაც იმოქმედებს. ამჟამინდელი პროგნოზით, ექსპორტის მაჩვენებლების ზრდა მხოლოდ 2027 წლისთვის მოხერხდება. აღსანიშნავია, რომ გერმანიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უკვე IMF-მაც შეამცირა.




























