კანცლერი ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანია არ უნდა დაკმაყოფილდეს ევროკავშირსა და აშშ-ს შორის გაფორმებული შეთანხმებით, რომელიც ევროკავშირიდან აშშ-ში ექსპორტზე 15%-იანი ტარიფის დაწესებას ითვალისწინებს, და მომდევნო წლებში ახალი სავაჭრო პარტნიორები უნდა მოძებნოს. ამის შესახებ მერცმა 24 აგვისტოს, გერმანიის მთავრობის ღია კარის დღეზე ისაუბრა.
"როგორ გავუმკლავდებით მსოფლიო ვაჭრობას, თუ, მაგალითად, ამერიკელები, აღარ მოინდომებენ მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის წესებით თამაშს? მსოფლიოს მასშტაბით ისეთი პარტნიორები უნდა მოვძებნოთ, ვინც ჩვენს მოსაზრებებს იზიარებენ", - განაცხადა ქრისტიან-დემოკრატების პარტიის ლიდერმა.
ცნობისთვის, ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო შეთანხმებას ხელი 28 ივლისს, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და დონალდ ტრამპმა მოაწერეს.
მერცი ადასტურებს, რომ გერმანიას აშშ-სთან კარგი ეკონომიკური ურთიერთობა სჭირდება და ტრამპის სატარიფო პოლიტიკა ბლოკზე მსუბუქად გავრცელდა, თუმცა კვლავ შესაძლებელია, რომ სავაჭრო შესაძლებლობები გაჩნდეს სამხრეთ ამერიკის, აზიისა და აფრიკის მიმართულებითაც, რაც ორმხრივად სასარგებლო იქნება.
ღია კარის დღეზე მერცმა ასევე ისაუბრა სოციალური დაცვის სისტემების რეფორმაზეც და განაცხადა, რომ წლის ბოლომდე მათი გადახედვა იგეგმება. კანცლერის თქმით, მთავრობამ უნდა შეამციროს სოციალური დახმარების ხარჯები დასაქმებაზე, პენსიებსა და ჯანდაცვის შეღავათებზე.




























