გერმანიის ეკონომიკა ღრმა კრიზისში იმყოფება, რაც განსაკუთრებულად მძიმედ სამრეწველო სექტორზე აისახა. აუდიტორული კომპანია EY-ის ანალიზის თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში 101,000 სამუშაო ადგილი გაუქმდა, რაც ინდუსტრიული დასაქმების 1.8%-იან შემცირებას ნიშნავს. განსაკუთრებულად კრიტიკული ვითარებაა ავტოინდუსტრიაში, სადაც დაახლოებით 45,400 სამუშაო ადგილი გაქრა, ანუ სექტორის თითქმის 6% გაუქმდა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება და დამატებით 70,000 სამუშაო ადგილის გაუქმებაა მოსალოდნელი. EY-ის პარტნიორის, იან ბრორჰილკერის შეფასებით, მდგომარეობა ენერგომატარებლების და შრომის ანაზღაურების გაძვირებას, ჩინელი მწარმოებლების მხრიდან გაძლიერებულ კონკურენციას და ევროპის და ამერიკის ბაზრებზე მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება.
გერმანიის ეკონომიკის სპეციფიკიდან გამომდინარე, კრიზისის ფონზე განსაკუთრებული წნეხის ქვეშ ავტოინდუსტრია აღმოჩნდა. გერმანული ბრენდები ერთდროულად ებრძვიან გაყიდვების ვარდნას, ბაზრის წილის კლებას და ელექტრომობილებზე გადასვლისთვის საჭირო დიდ ინვესტიციას და ამ ინვესტიციაზე მცირე უკუგებას. ამჟამად, სექტორში მხოლოდ 734,000 ადამიანი მუშაობს, ანუ ერთ წელიწადში ეს რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა.
მცირედით უკეთესი, მაგრამ მაინც პრობლემური ვითარებაა ტექსტილის და ინდუსტრიული მრეწველობის დარგებში, სადაც კომპანიებმა სამუშაო ადგილების დაახლოებით 4% შეამცირეს. შედარებითი სტაბილურობით გამოირჩევა ქიმიური წარმოების და ფარმაცევტული სექტორები, მაგრამ EY-ი წერს, რომ საერთო სურათი მაინც შემაშფოთებელია.




























