საქართველოს პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2020 წლამდე საქართველოში 1000 კილომეტრამდე საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია იგეგმება. მისი თქმით, სივრცითი მოწყობის პროექტი მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის ყველაზე მასშტაბური კომპონენტია, რადგან ეს იქნება რეგიონების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელი. ქვეყნის სივრცითი მოწყობა ასევე რკინიგზის სადგურების, პორტებისა და აეროპორტების აშენებასა და რეაბილიტაციას ითვალისწინებს. კონკრეტულად რა ნაწილი დაეთმო სივრცითი მოწყობის პროექტში ტურიზმს “ბიზნესკონტრაქტან“ ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე საუბრობს.
- რა საშუალებებს იძლევა სივრცითი მოწყობის კონცეფცია, ტურიზმის მიმართულებით რა სარგებელს მოიტანს იგი?
-გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი ტიპის ხედვა და დოკუმენტი საქართველოში დანერგილი არასდროს არ ყოფილა. აღნიშნული პროექტის თითოეული პუნქტი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის აეროპორტები, საზღვაო პორტები, რკინიგზა, სახმელეთო გზები, მთლიანად საქართველოს რუქას რომ დავხედოთ მისი ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად, აღმოსავლეთი-დასავლეთის და ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებით სხვადასხვა დამაკავშირებელი გზების შექმნა, ეს ყველაფერი სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურასთან ერთად, როგორც ენერგეტიკის ასე მელიორაციის, თვითონ კურორტების და დაცული ტერიტორიების ნაწილში ეს ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ხედვაა. ტურიზმს რაც შეეხება, ეს ისეთი სფეროა, რომელიც ძალიან ბევრ საკითხს ეხება და ზოგადად, როდესაც ქვეყანას ვავითარებთ, ტურიზმი ვითარდება და პირიქით, როდესაც ტურიზმის გამო რაღაცას ვავითარებთ, ეს ის სარგებელია, რომელსაც ქვეყანა იღებს. ეს იმდენად გადახლართულია ერთმანეთში, რომ გამიჭირდება კიდეც ცალკე სფეროს აღება, რომელიც რაღაც შეხებაში ტურიზმთან არ არის, რამეთუ უცხოელი და შიდა ტურისტი ყველა იმ ინფრასტრუქტურას მოიხმარს, რაც მაღლა ჩამოვთვალეთ.
-დღეს პრობლემას წარმოადგენს ის, რომ საკმარისი ინფრასტრუქტურა არ არის როგორც საგზაო, ასევე აეროპორტები, რეგიონებში მათი ნაკლებობაა. ყოველივე ეს ქვეყნის ტურიზმის განვითარებას აფერხებს?
-პრობლემები, რა თქმა უნდა, არის. დღეს ჩვენ არ ვართ შვეიცარია. პროექტი თითოეული მოქალაქისათვის სარგებელს მოიტანს. გარდა იმისა, რომ როგორც შიდა ტურისტებს, ასევე უცხოელებს კომფორტული გადაადგილების საშუალება ექნებათ ქვეყნის შიგნით სხვადასხვა მეთოდით, ასევე ახალი მიზიდულობის ცენტრები გაჩნდება. დღეს არსებული სიტუაცია იმ კონკრეტულ სატრანსპორტო არტერიებს არის მორგებული, რომელიც არსებობს. რაც უფრო მეტად დაქსელილი იქნება საქართველო ამ კუთხით, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება საქართველოს ყველა მხარე, ყველა კუთხეში არსებული სიმდიდრე წარმოვაჩინოთ.
-სად შეიძლება აეროდრომები დაემატოს, რომელიც საკვანძო და მნიშვნელოვანი იქნება ტურიზმის სექტორისთვის?
-დღეს საქართველოში სამი საერთაშორისო თბილისი, ქუთაისი, ბათუმის აეროპორტები და ზოგადად ხუთი მოქმედი აეროპორტია, თუმცა აეროდრომების კუთხით საშუალება არის, რომ სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა გაჩნდეს, ან არსებული განახლდეს. მაგალითად, ამბროლაურის მიმართულებით ძალიან მალე იქნება აეროდრომი.
-ამბროლაურის გარდა სხვაგან გვაქვს აეროდრომის აშენების პოტენციალი?
-რა თქმა უნდა, მაგალითად, თელავში, რომელიც ფაქტიურად აღდგენილია. ასეთი აეროდრომები ჩვენი ქვეყნის მასშტაბით ადრე გაფანტული იყო. ახლა შეიძლება, როგორც მათი აღდგენა, ასევე ახალი აეროდრომების გაჩენა. მნიშვნელოვანია საერთაშორისო მიმართულებით ამის განვითარება. უდიდესი პროცენტი საქართველოში შემოსული ტურისტებისა, დღეს სახმელეთო საზღვრით შემოდის და იმ კონცეფციაში, რომელიც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავეს ეს პრინციპიც დევს, რომ ტურისტების რაოდენობის გასაზრდელად და ახალი ბაზრების ასათვისებლად აუცილებელი იქნება ახალი საერთაშორისო რეისების დანერგვა.
-სახელმწიფომ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი დააანონსა, თუმცა კერძო ინვესტიციების ხარჯზე შეიძლება ამ პროექტით მოხიბლულმა ადამიანებმა უფრო მეტი გააკეთონ საქართველოში. კერძო სექტორის ჩართულობის, ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით რამდენად აქტიურად მუშაობთ?
-საქართველოში კერძო აეროდრომები უკვე არსებობს და ინტერესიც არის. ახლა კონკრეტულ ბიზნესებს არ დავასახელებ, თუმცა უკვე მოთხოვნაც და ახალი პროდუქტის გაჩენის წინაპირობაც არსებობს. ერთ-ერთმა კომპანიამ უკვე დააანონსა საჰაერო ტაქსი, რომელიც სწორედ ასეთ კერძო აეროდრომებზე გააკეთებს ოპერირებას. კერძო სექტორის ჩართულობას რაც შეეხება, ფორმატი, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობას გულისხმობს, ჩვენთან უკვე მუშაობს. მაგალითად, სამთო კურორტების მიმართულებით, როგორც ბაკურიანში, ასევე გუდაურში სახელმწიფო გარკვეულ ინფრასტრუქტურას აკეთებს საბაგიროების მხრივ და კერძო სექტორის დიდი პროექტები იქ სასტუმროებსა და ტურისტულ მინი ქალაქებს აშენებენ და ა.შ. პროექტი დღევანდელ სიტუაციას რადიკალურად შეცვლის, რადგან გზების გაყვანასთან ერთად, საქართველოს შიგნით ახალი მიზიდულობის ცენტრები გაჩნდება, რომლებიც როგორც შიდა ტურისტებს, ასევე საერთაშორისო ტურისტებს მოემსახურებიან. რეგიონები გამოცოცხლდება.
-ზამთრის სეზონი გვიახლოვდება და სარეკლამო კამპანია დაწყებული უნდა იყოს, მიზნობრივი ბაზრები ხომ არ შეცვლილა?
-11 კომპანიაში ონლაინ მარკეტინგული კამპანიები დაწყებულია. შემიძლია აღვნიშნო, რომ აქტიურად ვართ წარმოჩენილი გერმანიაში, იტალიაში, პოლონეთში. გერმანიაში სამი ახალი პირდაპირი რეისი ემატება და ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ტურიზმს. ასევე რუსეთი, ყაზახეთი, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, რომელიც სრულიად ახალი ბაზარია და ამ მიმართულებითაც გვექნება სარეკლამო კამპანიები. ორი პრინციპი გვაქვს - ინტელექტ კამპანია, რომელიც 15 სექტემბერს დაიწყო და 15 დეკემბრამდე გაგრძელდება. ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში 25 სექტემბრიდან ოქტომბრის ბოლომდე ჩვენ სატელევიზიო სარეკლამო კამპანიებიც გვექნება 4 ქვეყანაში.
-გერმანია ახსენეთ, ეს ქვეყანა ტურისტების კუთხით მიმზიდველია?
-გერმანია არის ერთ-ერთი ძლიერი ეკონომიკის ევროპული ქვეყანაა, რომელთანაც ჩვენ ძალიან მალე, 26 სექტემბრიდან ჯამში 4 რეისი დაგვაკავშირებს. ერთი იქნება გერმანიის ავიახაზები, დანარჩენი სამი კი დაბალ ბიუჯეტიანი კომპანია “ვიზიარი“. ეს მნიშვნელოვანია და არა მარტო რეისი იქნება, არამედ იაფიანი რეისი იქნება, რომლის საშუალებითაც ჩვენ უფრო ადვილად მოვიზიდავთ დამატებით ტურისტებს. გერმანია სტაბილურად იზრდებოდა და დასავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებიდან პირველ ადგილზე იყო შემოსვლების მხრივ. აღმოსავლეთ ევროპაში პოლონეთი ლიდერობს. მერწმუნეთ, რომ გერმანიაში დამატებული 3 ახალი რეისი და ჩვენი მარკეტინგული აქტივობები 2017 წლის დასაწყისიდან ვიზიტორების გაზრდის საშუალებას მოგვცემს.

























