მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიაში პოლიციამ ყალბი ნახატებით მოვაჭრე დაჯგუფება გაშიფრა

German forgery ring
28.10.25 23:19
360

ავტორი: სალომე ზაალიშვილი

გერმანიის პოლიცია ინფორმაციით, გერმანიასა და შვეიცარიაში ყალბი ნახატებით მოვაჭრე დაჯგუფება გაშიფრეს, რომელიც ცნობილი მხატვრების, მათ შორის პიკასოს და რემბრანდტის ნახატების სანაცვლოდ მილიონებს ითხოვდა.

პოლიციამ სამხრეთ დასავლეთ გერმანიაში 77 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც 10 თანამზრახველთან ერთად, ორგანიზებული თაღლითობის ბრალდებით, განაჩენის გამოტანას ელოდება.

15 ოქტომბერს პოლიციის რეიდები განხორციელდა გერმანიასა და შვეიცარიაში, სადაც დამნაშავეების საცხოვრებლებიდან დოკუმენტაცია, მობილურები და არაერთი ყალბი ნახატი ამოიღეს.

პოლიციის მიერ ამოღებული პიკასოს ყალბი ნახატები, მათ შორის დორა მაარის პორტრეტი

პოლიციას პირველად თაღლითური ბანდის არსებობის შესახებ ეჭვი მაშინ გაუჩნდა, როდესაც მთავარმა ბრალდებულმა პიკასოს ორი “ორიგინალი” ნახატის გაყიდვა სცადა. ნახატებიდან ერთ-ერთი დორა მაარის პორტრეტი იყო. დორა მაარის, პიკასოს ერთ-ერთი მუზის პორტრეტები საკმაოდ მოთხოვნადი და ძვირად ღირებულია. მისი ნამდვილი პორტრეტი პარიზში რამდენიმე დღის წინ 32 მილიონ ევროდ გაიყიდა ($37 მილიონი).

რეიკსმუზეუმში გამოფენილი რემბრანდტის De Staalmeesters

თაღლითი 120 მილიონ შვეიცარიულ ფრანკს ($151 მილიონს) ითხოვდა რემბრანდტის 1662 წლით დათარიღებული ნახატისთვის - De Staalmeesters, რომელიც 1885 წლიდან რეიკსმუზეუმში, ამსტერდამში მდებარე ხელოვნებისა და ისტორიის ეროვნულ მუზეუმში, არის გამოფენილი.

რემბრანდტის ყალბი ნახატი, რომელიც სავარაუდოდ გასულ საუკუნეში შეიქმნა, 84 წლის შვეიცარიელ ქალბატონთან იქნა აღმოჩენილი, მის კავშირს ნახატებით მოვაჭრე დაჯგუფებასთან პოლიცია იკვლევს.

გერმანიის პოლიციის განცხადებით დაჯგუფება მინიმუმ 19 ყალბი ნახატის გაყიდვას ცდილობდა, მათ შორის პეტერ პაულ რუბენსის, ანტონის ვან დაიკის, ჟოან მიროს, ამადეო მოდილიანის და ფრიდა კალოს ყალბი ნამუშევრების, რომელთა სანაცვლოდაც 400 000-დან 14 მილიონამდე ევროს ითხოვდა.

პოლიციის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს, ნახატებს ექსპერტთა ჯგუფი იკვლევს. ჯერ უცნობია, რამდენი ყალბი ნახატის გაყიდვა მოახერხეს თაღლითებმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები