გერმანიის ეკონომიკამ 2019 წლის ივნისში ექსპორტზე 106.1 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქცია გაიტანა - ბევრად ნაკლები, ვიდრე გასულ წელს. მონაცემები სტატისტიკის ფედერალურმა ოფისმა გაავრცელა.
როგორც ირკვევა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გერმანიის ექსპორტის ღირებულება 8%-ით შემცირდა.
ამასთან, ექსპორტი 2019 წლის მეორე კვარტალში საგრძნობლად შემცირებულია. აპრილიდან ივნისამდე ექსპორტის მაჩვენებელი უფრო დაბალია, ვიდრე გასული წლის ყოველ თვეს. მთლიანობაში, სტატისტიკის ფედერალური ბიუროს ცნობით, გერმანული ეკონომიკის მინუსი მეორე კვარტალში 1.3 მილიარდი ევროა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ექსპორტის შემცირებასთან ერთად, დაეცა იმპორტის მაჩვენებელიც. ივნისში გერმანიაში 89,3 მილიარდი ევროს პროდუქცია შევიდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 4,4%-ით ნაკლებია.

























