გერმანიის ეროვნული ფოსტა ქვეყნის შიგნით წერილების დასარიგებლად შიდა ფრენებს აღარ ჩანიშნავს - აღნიშნული გადაწყვეტილება Deutsche Post-მა გარემოზე საკუთარი მავნე ზეგავლენის შესამცირებლად მიიღო, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც ფიზიკური წერილები ისედაც ნაკლებად იგზავნება - ამის შესახებ Euronews წერს.
63 წლის შემდეგ, ბოლო ფრენა, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ გერმანიას შორის შესრულდა Eurowings-ის მიერ, 28 მარტს იყო ჩანიშნული შტუტგარტი-ბერლინი, ჰანოვერი-მიუნხენი და ჰანოვერი შტუტგარტის მარშრუტებზე.
ამიერიდან ამ ორ წერტილს შორის ფოსტა საგზაო ტრანსპორტით გადაიგზავნება, რაც კომპანიას ნახშირბადის ემისიების 80%-მდე შემცირების შანსს მისცემს.
როგორც DHL Group-ის საოპერაციო ხელმძღვანელი განმარტავს, “კლიმატის ცვლილების პირობებში წერილების საჰაერო ტრანსპორტირება გაუმართლებელია. განსაკუთებით მაშინ, როდესაც მათი სწრაფი მიღება ისეთი მნიშვნელოვანი აღარაა, როგორც ათწლეულების წინ”.
აღნიშნულთან დაკავშირებით კანონპროექტი უკვე შედგენილია და გერმანიის პარლამენტში დამტკიცებას ელოდება. კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ საკანონმდებლო დონეზე ცვლილება გერმანიის ფოსტას წერილების სწრაფად დარიგების წნეხს მოუხსნის და ხარჯების შემცირების საშუალებას მისცემს.
არსებული წესებით, გერმანიის ფოსტა გაგზავნილი წერილების მინიმუმ 80%-ს მეორე დღესვე აბარებს ადრესატს, ახალი კანონმდებლობით კი გაგზავნიდან მესამე სამუშაო დღეს წერილთა 95% დარიგდება.
აღსანიშნავია, რომ გერმანია ერთ-ერთია იმ ქვეყანათა ძალიან მცირე ჩამონათვალში, სადაც წერილებისთვის საჰაერო ტრანსპორტს აღარ გამოიყენებენ. როგორც წესი, ევროპის ქვეყნებში საგზაო თუ სარკინიგზო ტრანსპორტირებას იმ შემთხვევაში იყენებენ, თუ ის უფრო სწრაფად სრულდება, ვიდრე - საჰაერო მიმოსვლა.