გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გადატვირთვის მიზნით, სახელმწიფო ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა, სადაც მოლაპარაკებების მთავარ თემას თანაბარი კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა იქნება.
როგორც ირკვევა, ბერლინის უკმაყოფილებას სუბსიდირებული ჩინური პროდუქციის ევროპულ ბაზარზე მასობრივი შედინება იწვევს. ეს მერცის შეფასებით, ადგილობრივ მწარმოებლებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის და არ აძლევს გერმანულ ეკონომიკას განვითარების საშუალებას.
ცნობისთვის, ბოლო ერთ წელიწადში ჩინური პროდუქციის გერმანიაში იმპორტი 8.8%-ით, €170.6 მილიარდ ევრომდეა გაზრდილი, ეს იმ ფონზე, როცა ექსპორტი 9.7%-ითაა შემცირებული და €81.3 მილიარდს არ ცდება. ოფიციალური ბერლინის შეფასებით, ეს განსაკუთრებით უარყოფითად მძიმე ინდუსტრიულ სექტორზე მოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ არსებული მოცემულობის მიუხედავად ჩინურ ბაზარზე მყარ პოზიციებს კვლავ ინარჩუნებენ Siemens-ი და Mercedes-Benz-ი. შეგახსენებთ, გერმანია ექსპორტზე სერიოზულად დამოკიდებული ქვეყანაა და მას სტაბილური საერთაშორისო პარტნიორები ესაჭიროება
მოლაპარაკებების მიზნით მერცი უკვე შეხვდა ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ლი ციანს, რომელიც მედიასთან საუბრისას გლობალური სავაჭრო სისტემის დაცვისა და მულტილატერალიზმის შენარჩუნების ინიციატივით გამოვიდა და თქვა, რომ ასეთი მიდგომები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ხისტი სატარიფო პოლიტიკის საპასუხო ფორმად მთელ მსოფლიოში უნდა იქცეს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს კომპლექსურ შეთანხმებებს, რომლებიც კლიმატის ცვლილებისა და სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავებას მოიცავს.
როგორც ირკვევა, მერცის ვიზიტი მხოლოდ ეკონომიკას არ შეეხება და შეხვედრებისას განხილვის საგანი გეოპოლიტიკური გამოწვევებიც იქნება. განსაკუთრებით კი უკრაინის ომში რუსეთის მიმართ პეკინის მხარდაჭერის საკითხი, თუმცა რამდენად წარმატებული იქნება ეს მცდელობა, უცნობია, რადგან ჩინეთი რუსეთის აქტიურ სავაჭრო პარტნიორად რჩება.




























