გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ოფიციალური ბერლინი ახლო მომავალში პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარებას არ გეგმავს. სტეფან ჰებერსტრაიტის თქმით, ამ ეტაპზე მსგავსი ნაბიჯის გადადგმა “ორი სახელმწიფოს გამოსავლის” მიღწევას ხელს შეუშლის და სამშვიდობო მოლაპარაკებებს დააზიანებს.
გერმანიის მთავრობის პოზიციაა, რომ პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარება მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, როცა მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება. აღსანიშნავია, რომ დიდი შვიდეულის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფოს პოზიციას სხვა წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა არ იზიარებს.
მაგალითისთვის, საფრანგეთს, კანადასა და ავსტრალიას უკვე გადაწყვეტილი აქვთ, რომ სექტემბრის თვეში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარებას მხარს დაუჭერენ. დიდი ბრიტანეთი კი ამ სცენარს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ სამიტამდე ომი არ დასრულდა. ეს კი, ღაზაში განახლებული საბრძოლო მოქმედებების ფონზე ნაკლებად სავარაუდოა.




























