„მე და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა საქართველოში არსებული მიუღებელი ვითარება განვიხილეთ. მან მთხოვა, გავაგრძელო გერმანიის სახელით კომუნიკაცია ნათლად, გულწრფელად და სიმტკიცით", - წერს საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი X-ზე.
აღსანიშნავია, რომ 10 სექტემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და "ქართული ოცნების" მთავრობას მოუწოდა ევროკავშირზე და გერმანიაზე ცრუ ნარატივების გავრცელება შესყვიტოს.
"გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს და გმობს ბატონი პაპუაშვილის უსაფუძვლო ბრალდებებს. ვწუხვართ, რომ დეზინფორმაციისა და დამაზიანებელი ნარატივის გავრცელებით, იგი ზიანს აყენებს გერმანია-საქართველოს ურთიერთობებს. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების აგრესიულ რიტორიკას გერმანიის ელჩის მიმართ. გერმანიის ელჩი თბილისში წარმოადგენს ფედერალური მთავრობის პოზიციას. გერმანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის პოზიციების და პოლიტიკის შესახებ ცრუ ნარატივების გავრცელება და შეცვალოს თავისი მიმდინარე პოლიტიკური კურსი", - წერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.




























