საქართველოს ავიაბაზარზე გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines ბრუნდება - ავიაკომპანია 2026 წლის 15 ივნისიდან ფრანკფურტი - თბილისი - ფრანკფურტის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე 2022 – 2023 წლებში ოპერირებდა და ფრენებს ფრანკფურტი - თბილისის მიმართულებით კვირაში ორჯერ ასრულებდა. ორწლიანი ინტერვალის შემდეგ Condor Airlines-ის საქართველოში დაბრუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტრანსატლანტიკური ტრანზიტული ფრენების მიმართულებით.
"ტურიზმისა და ავიასექტორების განვითარება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, გერმანია კი ამ კუთხით მნიშვნელოვანი სამიზნე ბაზარი. შესაბამისად, ფრანკფურტი, როგორც მსხვილი საავიაციო ჰაბი, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ტურისტული ნაკადების, ასევე საავიაციო დაკავშირებადობის ზრდას", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში.
აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, CONDOR Airlines-ის ბაზარზე დაბრუნება მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს დაკავშირებადობას ევროპასთან და განსაკუთრებით ტრანსატლანტიკურ მიმართულებებთან,
"გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც ავიაციის და ტურიზმის, ისე ტრანზიტული მიმართულებების განვითარებისთვის.
2026 წლის 15 ივნისიდან კომპანია ფრანკფურტი–თბილისი–ფრანკფურტის მიმართულებით პირდაპირ, ყოველდღიურ რეისებს განაახლებს.
ეს სიახლე მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს დაკავშირებადობას ევროპასთან და განსაკუთრებით ტრანსატლანტიკურ მიმართულებებთან, რაც ჩვენს ქვეყანას ახალ შესაძლებლობებს უქმნის როგორც ტურიზმის, ისე ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით", - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ავიაკომპანია Condor Airlines 1955 წელს დაფუძნდა, მისი ძირითადი ბაზა ფრანკფურტის აეროპორტში მდებარეობს. ავიაკომპანია დღეისათვის 81 მიმართულებით ასრულებს ფრენებს როგორც ევროპის, ისე აფრიკის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის მიმართულებით, ასევე ოპერირებს კარიბის და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში.
უწყების ცნობით, ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.




























