პროფკავშირები „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანისა" და მისი პარტნიორი კომპანიების განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ირკვევა რომ კომპანიამ 11 მარტს მიმართა პროფკავშირებს და მასობრივი გათავისუფლების შესახებ აცნობა. განცხადებაში ასევე საუბარია, იმ ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, რომელიც პროფკავშირების ჩართულობით თანამშრომლებთან დადებული კოლექტიური ხელშეკრულებით იყო აღებული.
აღნიშნულ განცხადებას პროფკავშირებმა უპასუხეს, რომ მათი განაცხადი დარღვევით არის წარდგენილი და პროფკავშირები კომპანიას სთხოვს შესაბამისი დოკუმენტაცია წარუდგინოს. ისინი აცხადებენ რომ სანამ პროცედურული ნაწილი არ დასრულდება კომპანია ვალდებულია, არ გაწყვიტოს ხელშეკრულებები დასაქმებულებთან და ხელფასის 60% გადაუხადოს.
როგორც პროფკავშირები წერს, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" ასევე ევალება დეტალურად მოგვაწოდოთ გარკვეული სახის ინფორმაცია:
"გვსურს აღვნიშნოთ, რომ მასობრივი დათხოვნის მუხლი შრომის კოდექსში სწორედ ჩვენი ინიციატივით შევიდა მსგავს სიტუაციებში დასაქმებულთა დაცვის მიზნით და ის გავალდებულებთ მასობრივ დათხოვნამდე 45 დღის ადრე შეტყობინებას, კონსულტაციებს შეთანხმების მიღწევის განზრახვით, რომელიც სულ მცირე, უნდა მოიცავდეს მასობრივი დათხოვნის თავიდან აცილების ან დასათხოვ დასაქმებულთა რაოდენობის შემცირების გზებსა და საშუალებებს და დათხოვნილ დასაქმებულთა კვლავ დასაქმების ან მათი გადამზადების მხარდაჭერის შესაძლებლობას. ამასთან, გევალებათ დეტალურად მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
დაგეგმილი მასობრივი დათხოვნის მიზეზები,
დასათხოვ დასაქმებულთა რაოდენობა და კატეგორია,
ორგანიზაციაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა და კატეგორიები,
დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც განხორციელდება მასობრივი დათხოვნა,
კრიტერიუმები, რომლებითაც ხდება დასათხოვ დასაქმებულთა შერჩევა და მათთვის კომპენსაციის გადახდა.
რაც შეეხება კოლექტიური ხელშეკრულების შეწყვეტას, თქვენს მიერ ცალმხრივად, ამ ფორმით მისი შეწყვეტა ეწინააღმდეგება, როგორც თავად კოლექტიურ ხელშეკრულებას, ასევე საქართველოს კანონმდებლობას. აქედან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ როგორც ამ ასევე ყველა ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა რესურს და სამართლებრივ მექანიზმს. შესაბამისად, მოგმართავთ დაუყოვნებლივ დავიწყოთ მოლაპარაკებები არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით. ჩვენ გამოვიყენებთ პროფკავშირის კვოტას და მივმართავთ საქართველოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას, რათა შემჭიდროებულ ვადებში ჩაინიშნოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის რიგგარეშე სხდომა და განხილულ იქნას ჭიათურის არსებული მდგომარეობა, ჭიათურის განვითარების მოკლე და გრძელვადიანი გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმების მყარ გარანტიებს. ხოლო მითითებული საკითხის გადაწყვეტამდე კატეგორიულად მოვითხოვთ დასაქმებულებს შეუნარჩუნდეთ კოლექტიური ხელშეკრულებით დადგენილი წესით იძულებითი მოცდენის ანაზღაურება 60%-ის ოდენობით და ჯანმრთელობის დაზღვევა. პატივისცემით, ირაკლი პეტრიაშვილი", - წერია პროფკავშირების პასუხში.
პროფკავშირების სრული განცხადება
ცნობისთვის, „ჯორჯიან მანგანეზმა” ჭიათურაში საწარმოო პროცესს ნოემბრიდან სრულად შეაჩერა. კომპანიამ მიზეზად სოფელ შუქრუთის მოსახლეობის "რადიკალური პროტესტი" დაასახელა. ამასთან, „ჯორჯიან მანგანეზი“ თანამშრომელთა ხელფასების 60%-ის ანაზღაურებისა დაზღვევის შენარჩუნების ვალდებულებას იღებდა. თუმცა როგორც მაღაროელები აცხადებდნენ, ხელფასების დარიცხვა ყოველ თვე გვიანდებოდა, თებერვალში კი კომპანიამ ხელფასი აღარ დარიცხა. ეს მოსახლეობის პროტესტის განახლების მიზეზი გახდა. კუთვნილი ხელფასების დარიცხვის გარდა, პროტესტის მონაწილეები კომპანიის ჭიათურის მაღაროების მართვიდან გასვლას ითხოვენ და მთავრობას მანგანუმის წარმოების ნაციონალიზაციის ინიციატივით მიმართავენ.
7 მარტს „ჭიათურ მენეჯმენტს კომპანიმ“ განაცხადა, რომ „ჯორჯიან მანგანეზთან" შეთანხმებით, მაღაროებში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება. ჭიათურის მაღაროების მმართველი კომპანია ასევე განმარტავს, რატომ ვერ გადაუხადეს თებერვალში დასაქმებულებს ხელფასი. 12 მარტს კი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თქვა, რომ „მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კომპანია აქტიურად მუშაობს საკომპენსაციო პირობების განსაზღვრაზე, რომ საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, დაემშვიდობოს თანამშრომლებს კომპენსაციებისა და მიმდინარე დავალიანების გადახდით“.