ერთწლიანი ოპერირების შემდეგ, ერევანში მოქმედმა GGRC-ის რეპროდუქციულმა ცენტრმა საქმიანობა შეაჯამა.
როგორც კლინიკის დამფუძნებელმა და სამედიცინო დოქტორმა, ნინო მუსერიძემ BMGTV-ს გადაცემაში „ჯანდაცვის სტანდარტი“ აღნიშნა, ფილიალის ერთი წლის თავზე პირველი ბავშვი უკვე დაიბადა - ფაქტი, რომელსაც მუსერიძე GGRC-ისთვის განსაკუთრებით საამაყოდ და სომხეთში დანერგილი რეპროდუქციული პრაქტიკის ეფექტიანობის მკაფიო დასტურად მიიჩნევს.
„ერთი წლის თავზე, პირველი ბავშვი დაბადებულია. ეს ჩემთვის ძალიან საამაყოა. გაამართლა იმან, რომ დღეს რასაც საქართველოში ვსაუბრობთ, ზუსტად იმაზე შეგვიძლია ვისაუბროთ სომხეთშიც“, - ამბობს მუსერიძე.
მისი თქმით, GGRC-ის საქმიანობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ონკოფერტილობაა - სფერო, რომელიც ონკოლოგიური პაციენტებისთვის რეპროდუქციული ფუნქციის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
„ონკოფერტილობა მსოფლიოს მასშტაბითაც ჯერ კიდევ ახალი სფეროა. ისრაელში სამინისტრო აფინანსებს ონკოლოგიურ პაციენტებს ბიომასალის გაყინვას. ჩვენც ამ მიმართულებით ვმუშაობთ. სამწუხაროდ, საქართველო კვლავ ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, სადაც ინვიტროგანაყოფიერების სახელმწიფო დაფინანსება არ არსებობს, არადა ეს დემოგრაფიულად ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია“, - აღნიშნა მუსერიძემ.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ერევნის ფილიალის შემდეგ, GGRC საერთაშორისოდ გაფართოებასაც გეგმავს. როგორც მუსერიძე ამბობს, პარტნიორებთან ერთად უკვე დააფუძნეს კომპანია აშშ-ში და კლინიკის სხვადასხვა ქვეყანაში წარმოდგენა ერთ-ერთ მთავარ სამომავლო მიმართულებად იქცა: „ძალიან გვინდა, რომ GGRC-ი არა მხოლოდ ერევანში, არამედ სხვა ქვეყნებშიც იყოს წარმოდგენილი“, - აცხადებს ის.




























