წამყვანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებმა - Fitch Ratings-მა და S&P Global Ratings-მა, Georgia Global Utilities (GGU) ჯგუფის ფინანსური მდგრადობა და საოპერაციო ეფექტიანობა დაადასტურეს და კომპანიის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი „BB-” დონიდან „BB“ დონემდე აამაღლეს. აღსანიშნავია, რომ GGU ჯგუფი არის ერთადერთი არასაფინანსო კომპანია, რომელმაც 2026 წელს ორი საერთაშორისო სარეიტინგო ინსტიტუტისგან ასეთი შეფასება დაიმსახურა. ორივე სააგენტომ კომპანიის მომავალი განვითარების პერსპექტივას „სტაბილური“ (Stable) სტატუსი მიანიჭა.
საერთაშორისო სააგენტოების მიერ GGU ჯგუფის რეიტინგის საქართველოს სუვერენულ ნიშნულთან გათანაბრება ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი მოვლენაა. აღნიშნული აღიარება გლობალურ ბაზრებზე პირდაპირ ასახავს ქართული საინვესტიციო გარემოს სიმყარეს, აძლიერებს საქართველოს მაკროეკონომიკურ იმიჯს და მკაფიო სიგნალია უცხოელი ინვესტორებისთვის, რომ ქვეყნის სტრატეგიული ინფრასტრუქტურა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით ვითარდება.
GGU ჯგუფი წარმოადგენს ევროპული წყალმომარაგების გიგანტის, ესპანური FCC Aqualia-ს შვილობილ კომპანიას საქართველოში, რომელიც თავის მხრივ ფლობს და ოპერირებას უწევს თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების კომპანიას შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ (GWP) და მსხვილ ენერგეტიკულ ობიექტებს.
GGU ჯგუფის მიმართ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების უმაღლესი სანდოობისა და ფინანსური მედეგობის დადასტურება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც პირდაპირ ასახავს კომპანიის მყარ ფინანსურ დისციპლინას, ეფექტურ საოპერაციო მაჩვენებლებსა და კომუნალური სექტორის მდგრად განვითარებას. საერთაშორისო სააგენტოების მიერ რეიტინგის ერთდროული გაუმჯობესება ადასტურებს, რომ ჯგუფის სტრატეგიული მიმართულებები მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ვითარდება.
საერთაშორისო სააგენტოების დასკვნით, GGU ჯგუფის საინვესტიციო პოლიტიკის ძირითად მიმართულებად კვლავ GWP-ის წყალმომარაგების და წყალარინების ინფრასტრუქტურის ხელშესახები განახლება და განვითარება რჩება. კომპანიამ უკვე აჩვენა წყლის დანაკარგების კლებისა და ენერგოეფექტურობის ზრდის მყარი დინამიკა. GGU ჯგუფის მიერ მომდევნო სატარიფო პერიოდის ფარგლებში დაგეგმილი საინვესტიციო სტრატეგია მიმართულია თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების სისტემების მოდერნიზაციაზე, წყლის დანაკარგების კიდევ უფრო შემცირებაზე, სატუმბი სადგურების ენერგოეფექტურობის ამაღლებასა და გამრიცხველიანების პროცესის გაგრძელებაზე.
Fitch Ratings-ისა და S&P Global Ratings-ის მიერ მინიჭებული გაუმჯობესებული რეიტინგი FCC Aqualia-ს შვილობილ კომპანიას - GGU ჯგუფს, კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს, წარმატებით განაგრძოს თანამშრომლობა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და მოიზიდოს გრძელვადიანი საინვესტიციო რესურსი GWP-ის მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად.
GWP-ის მფლობელი კომპანია GGU ჯგუფი აგრძელებს აქტიურ ინვესტირებას დარგის ინსტიტუციონალურ და ტექნოლოგიურ განვითარებაში, რაც მიზნად ისახავს მომსახურების ხარისხის უწყვეტ გაუმჯობესებას, საოპერაციო გამჭვირვალობის ზრდასა და თითოეული აბონენტისთვის საიმედო მომსახურების მიწოდებას.

























