მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღარიბაშვილი ჩეხეთის და ესტონეთის პრეზიდენტებს შეხვდა

პრემიერი
BM. GE
21.09.23 10:52
7

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს პეტრ პაველს შეხვდა.

ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩეხეთი ყოველთვის იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მტკიცე მხარდამჭერი და მისასალმებელია, რომ ბოლო წლებში ორმხრივი ვიზიტების ინტენსივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ქვეყნებს შორის პოლიტიკურ დიალოგის მაღალ დონეს უსვამს ხაზს.

ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა დაეხმარება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპებზე.

პრემიერ-მინისტრმა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკაზე მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.

ასევე, ირაკლი ღარიბაშვილმა და პეტრ პაველმა შეხვედრაზე იმსჯელეს მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე. მთავრობის მეთაურმა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს.

ალარ კარისთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, ასევე − საქართველოსა და ესტონეთს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ფართო სპექტრი.

ევროინტეგრაციაზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის გადამწყვეტ დროს საქართველოს ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს. მან ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები მიმოიხილა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობამ უზრუნველყო 12 პრიორიტეტის შესრულების ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი.

ღარიბაშვილის თქმით, რეკომენდაციებზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა, რასაც საქართველო ვენეციის კომისიასთან და ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით ასრულებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ესტონეთის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ქართული ინსტიტუციების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებასთან დაკავშირებით, რისთვისაც მან ალარ კარისს მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს ორმხრივი ურთიერთობებისა და მრავალგანზომილებიანი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერება-გაღრმავების მზაობა. ამასთანავე, მათ სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა მიმოიხილეს.

შეხვედრაზე განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. ირაკლი ღარიბაშვილმა ალარ კარისს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის ნაყოფიერი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები