პროკურატურის ინფორმაციით, "ღარიბაშვილის საქმის" ეპიზოდზე თავდაცვის ექსმინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძისთვის გაფორმებული ახალი საპროცესო შეთანხმება უკვე არსებულ 10-წლიან განაჩენს არ შეეხება, შესაბამისად საპროცესო შეთანხმების მიუხედავად, ბურჭულაძის 10-წლიანი სასჯელი ამ ეტაპზე უცვლელია. ამასთან, უწყებაში ამბობენ რომ წინასწარ რთულია თქმა შეიცვლება თუ არა აღნიშნული მომავალში. ამის შესახებ პროკურატურის პრესსამსახურში BMG-ს კითხვის საპასუხოდ განუცხადეს - ეხება თუ არა ახალი საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმება 2026 წლის 23 აპრილის განაჩენს, რომლითაც მას 10-წლიანი პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს.
ცნობისთვის, უკვე მისჯილი 10-წლიანი ბრალის თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძემ სამ თანამოაზრესთან ერთად, შეიმუშავა და სისრულეში მოიყვანა გეგმა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო შესყიდვის ფარგლებში 1 333 728 ლარი გაიფლანგა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პროკურატურამ კორუფციისთვის ბრალდებული ყოფილი თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადება გაავრცელა. საპროცესო შეთანხმება შეეხება ბრალის ახალ ეპიზოდს, რომელიც 2026 წლის აგვისტოში გახდა ცნობილი და რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობდა. კერძოდ კი პროკურატურის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ ვასილ მხეიძემ თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო შესყიდვაში 1.9 მლნ ლარის ქრთამი მიიღო ერთ-ერთი კომპანიიდან, 400,000 ლარი თავისთვის დაიტოვა, ხოლო 1.5 მლნ ლარი ჯუანშერ ბურჭულაძეს მისცა. თავის მხრივ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა 750,000 ლარი თავისთვის დაიტოვა, ხოლო თანხის ნახევარი 750,000 ლარი მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მისცა. პროკურატურამ აგვისტოშივე განაცხადა, რომ აღნიშნულის შესახებ თავად ვასილ მხეიძის და ჯუანშერ ბურჭულაძის გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად გახდა ცნობილი, რის საფუძველზეც 24 აგვისტოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინა. აღნიშნული ბრალი 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის დღევანდელი განცხადება შეეხებოდა უშუალოდ ჯუანშერ ბურჭულაძის და ვასილ მხეიძის მიმართ ბრალის აღნიშნული ეპიზოდის წარდგენას. პროკურატურის განცხადებით, მათ წარედგინათ ანალოგიური ბრალი (სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტი - სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და ქრთამის აღებაში დახმარება). თუმცა პროკურატურა მიუთითებს, რომ იმის გამო, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ და ვასილ მხეიძემ გამოძიებასთან ითანამშრომლეს და მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედეგად ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის მოხდა ბრალის წარდგენა, პროკურატურამ ჩათვალა, რომ ბრალის ამ ახალ ეპიზოდზე როგორც ჯუანშერ ბურჭულაძეს, ასევე ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ, რის შესახებაც პროკურატურამ სასამართლოს მიმართა. ჯუანშერ ბურჭულაძის შემთხვევაში მას 5-წლიანი პატიმრობა შეეფარდება ამ ეპიზოდზე, საიდანაც 3 წელი იქნება საპატიმრო დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი პრობაცია, ასევე ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით. ვასილ მხეიძეს კი 4 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი და 2 თვე იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი პირობითი, ასევე 100 ათასი ლარის ჯარიმა.
"პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძის გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, ბრალდებულების სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე წარადგენს შუამდგომლობებს საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რაც გულისხმობს მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას. შუამდგომლობების თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძე ცნობილ იქნება დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრება 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრება ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით. რაც შეეხება ვასილ მხეიძეს, იგი ცნობილ იქნება დამნაშავედ სსკ-ის 25,338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით განესაზღვრება 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრება ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით,"- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.




























