ისრაელის ენერგეტიკის მინისტრის ისრაელ კაცის განცხადებით, ღაზა ელექტროენერგიის გარეშე დარჩება, ვიდრე ყველა მძევალი არ გათავისუფლდება.
„ჰუმანიტარული დახმარება ღაზას? არც ერთი ელექტრო ჩამრთველი არ ჩაირთვება, არც ერთი წყლის ტუმბო არ გაიხსნება და არც ერთი საწვავით დატვირთული მანქანა არ შევა ღაზაში, ვიდრე გატაცებულები სახლებში არ დაბრუნდებიან.
ჰუმანიტარული დახმარება ჰუმანიზმისთვის. მორალს ვერავინ წაგვიკითხავს”, - წერს ისრაელ კაცი „ტვიტერის“ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ისრაელმა „ჰამასის“ თავდასხმების შემდეგ ღაზისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვიტა.
ისრაელმა ღაზა სრულ ბლოკადაში 7 ოქტომბრიდან მას შემდეგ მოაქცია, რაც ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასი“ ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრა და ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედროების ხოცვა დაიწყო.
ისრაელში მსხვერპლის რიცხვმა, 12 ოქტომბრის მონაცემებით, 1300-ს მიაღწია, 1200-მდე ადამიანი ემსხვერპლა ღაზის სექტორში ისრაელის საპასუხო ავიაიერიშებს.
ისრაელმა ღაზას შეუწყვიტა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, საწვავისა და საკვების მიწოდება, რის გამოც იქ მცხოვრები 2.3 მილიონამდე ადამიანი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.