მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ღაზას რეკონსტრუქციისა და დაცვისთვის პირველ ეტაპზე “მშვიდობის საბჭო” $5 მილიარდს გამოყოფს

ტრამპის მშვიდობის საბჭო

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის მიერ შექმნილი “მშვიდობის საბჭოს” წევრი სახელმწიფოები ღაზას სექტორის აღდგენისა და ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის პირველ ეტაპზე $5 მილიარდ დოლარს გამოყოფენ.

არსებული ინფორმაციით, ქვეყნები მხოლოდ ფინანსური ხარჯების გაწევით არ შემოიფარგლებიან და სექტორში ათასობით მშვიდობისმყოფელსაც გაგზავნიან, რათა ისრაელსა და ჰამასს შორის ომის ხელახლა გაჩაღება არ დაუშვან. ამასთან, ხელი შეუწყონ ღაზას სექტორის ახალი მმართველი ორგანოს დავალებების შესრულებას, როგორიც იქნება ტერორისტული ორგანიზაციის წევრების განიარაღება და ზონაში წესრიგის დამყარება. აღსანიშნავია, რომ რეკონსტრუქციისთვის გამოყოფილ თანხებთან და სამხედრო დანაყოფების საერთო რაოდენობასთან დაკავშირებით ვრცელი და დოკუმენტირებული ინფორმაცია 19 თებერვალს მას შემდეგ გავრცელდება, რაც პრეზიდენტი ტრამპი ვაშინგტონში, მისივე სახელობის მშვიდობის ინსტიტუტში ათობით წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელს, მათ შორის, პრეზიდენტებსა და პრემიერ-მინისტრებს უმასპინძლებს. ამ ღონისძიებას სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევიც დაესწრებიან.

შეგახსენებთ, ტრამპის “მშვიდობის საბჭოს” ოფიციალური მიზანი მსოფლიოში მშვიდობის დამყარება, მიმდინარე ომების დასრულება და ახალი კონფლიქტების დაწყების აღკვეთაა. პირველ ეტაპზე გაეროს კონკურენტად შექმნილი ორგანიზაციის ამოცანა ისრაელსა და ჰამასს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეორე ფაზის ამოქმედება და რეგიონში ომის განახლების სამუდამოდ აღკვეთა იქნება. არსებული ინფორმაციით, იგეგმება კონფლიქტისგან განადგურებული ღაზას სექტორის სრული აღდგენა, რასაც, ბიზნესმენის, “მშვიდობის საბჭოს” აღმასრულებელი ბორდის წევრისა და ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის განცხადებით $70 მილიარდი დასჭირდება. სავარაუდოა, რომ პირველ ეტაპზე ხარჯები ადგილზე ოფიციალური ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ათასობით სამშვიდობოს განთავსებაზე, ასევე პალესტინელი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილებასა და სექტორის ნანგრევებისგან გაწმენდაზე დაიხარჯება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები