არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი თვლის, რომ თბილისში სატრანსპორტო კოლაფსის დასაძლევად ერთი უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს, თუმცა თავად პრობლემის მოგვარების გზად საგარეუბნო ჩქაროსნული მატარებლების ამოქმედებას, მეტროს ქსელის განვითარებასა და რეგიონების გაძლიერებას ხედავს.
ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, რომლის მთავარი თემა საცობების შემცირების გზები იყო.
არქიტექტორის თქმით, დედაქალაქის ქუჩების გადატვირთულობა მხოლოდ მერიის პრობლემა არ არის და ქვეყნის არათანაბარ განვითარებას უკავშირდება: ყოველ დილით თბილისის აღმოსავლეთ და დასავლეთ შემოსასვლელებიდან დედაქალაქში დაახლოებით 60-70 ათასი ავტომობილი შემოდის, რაც ქალაქის ინფრასტრუქტურას უმძიმეს ტვირთად აწვება.
"ჩემი ცალსახა ხედვაა, რომ თბილისის სატრანსპორტო გადარჩენის 30% რეგიონების გაძლიერება და იქ ცხოვრების დონის ამაღლებაა. ცხადია, ამას დედაქალაქის მერიის პრობლემად ვერ დავასახელებთ - ეს მთელი ქვეყნის გამოწვევაა. გარდა ამისა, აქამდეც უნდა განვითარებულიყო საგარეუბნო ელექტროტრანსპორტი და ჩქაროსნული მატარებლები. ამის ორგანიზება რამდენიმე თვეშია შესაძლებელი: მაგალითად, ქართლის მიმართულებითა და რუსთავში უნდა მოეწყოს შემკრები ჰაბები დიდი დაცული ავტოსადგომებით, სადაც რუსთავის, გარდაბნისა თუ მარნეულის მცხოვრებლები მანქანებს დატოვებენ და ჩქაროსნული მატარებლით რამდენიმე წუთში შემოვლენ თბილისის ცენტრში. ეს სერიოზული საკითხია, რომელსაც აუცილებლად უნდა მიეხედოს", - ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.
„მეტროში ვაგონების დამატებაზე რთული ბაქნამდე მისვლაა“ - ღია მეტროს კონცეფცია
როგორც არქიტექტორი აღნიშნავს, თბილისი 1500-წლიანი ქალაქია, რომელიც ხეობაშია გაშენებული, ამიტომ აქ ისეთი ინფრასტრუქტურული გადაწყვეტები, როგორიც წრიული მაგისტრალებია, რელიეფური სხვაობების გამო არარეალურია.
მისი შეფასებით, დღეს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე სატრანსპორტო პრობლემა მეტროპოლიტენის გადატვირთული გადასაჯდომი კვანძებია, განსაკუთრებით - საბურთალოს ხაზიდან ძირითადზე გადასვლა. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ ირაკლი როსტომაშვილის გუნდი (იგი დეველოპერული კომპანია „არსის“ დამფუძნებელია) „ღია მეტროს“ კონცეფციაზე მუშაობს, რომელიც მეტროს სადგურების „დელისისა“ და „რუსთაველის“ მიწისზედა სარკინიგზო ხაზით დაკავშირებას გულისხმობს.
„კახა კალაძე საუბრობდა ვაგონების დამატებაზე - ეს ძალიან კარგია, მაგრამ დღეს ბაქნამდე მისვლაა ნამდვილი ვაჟკაცობა, განსაკუთრებით - „სადგურის მოედნის“ გადასასვლელ კვანძზე. ჩვენი კონცეფციით, მეტრო „დელისიდან“ „რუსთაველამდე“ შესაძლებელია, მოეწყოს ორლიანდაგიანი მიწისზედა ხაზი ვაკე-საბურთალოს ხეივანში, წერეთლის ქუჩის, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირების გავლით. ეს გაცილებით ნაკლებ სივრცეს იკავებს, ვიდრე ავტობუსის ზოლი და უზარმაზარ მგზავრთნაკადს განტვირთავს“, - განმარტა ირაკლი როსტომაშვილმა და დასძინა, რომ ამავე კონცეფციის ფარგლებში ამუშავებენ რიყის ტერიტორიიდან გვირაბის გაჭრის გეგმას, რომელიც პირდაპირ დაუკავშირდება მეტროს სადგურ „ავლაბრის“ ბაქანს.
„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აღნიშნული კონცეფცია არ წარმოადგენს მხოლოდ ჩემს ინდივიდუალურ ხედვას - ეს ჩვენი გუნდის ერთობლივი მუშაობისა და კვლევის შედეგია, რომელიც ჯერ კიდევ წლების წინ გამოვაქვეყნეთ. დღესდღეობით თბილისის მეტროპოლიტენის მთავარი გამოწვევა არა მოძრავი შემადგენლობის დეფიციტი, არამედ ბაქნებამდე მისასვლელი ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობაა. ისეთ საკვანძო სადგურებს, როგორებიცაა „რუსთაველი“ და „ავლაბარი“, მხოლოდ თითო ჩასასვლელი გააჩნიათ, რაც მგზავრთნაკადის შეფერხების სერიოზულ პრობლემას ქმნის. ტექნიკურად, შემადგენლობაში ვაგონების რაოდენობის გაზრდა (მაგალითად, ხუთიდან რვამდე) სრულიად შესაძლებელია, თუმცა ეს პრობლემას ვერ გადაჭრის, თუ მგზავრთა სადგურზე ჩასვლა კვლავ შეზღუდული იქნება.
ამ გამოწვევის საპასუხოდ ჩვენმა გუნდმა შეიმუშავა ალტერნატიული პროექტი, რომელიც დაახლოებით 20 წლის წინანდელ საინჟინრო იდეას ეფუძნება. კერძოდ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია რიყის ტერიტორიიდან (ღვინის აღმართის დასაწყისიდან) დამატებითი გვირაბის გაყვანა. გეოდეზიური თვალსაზრისით, მტკვრის სანაპიროს ეს ნიშნული ზუსტად ემთხვევა მეტროს სადგურ „ავლაბრის“ ბაქნის დონეს, რაც სადგურზე პირდაპირი და მოსახერხებელი წვდომის მოწყობის შესაძლებლობას იძლევა“, - აღნიშნა მან.
რატომ ირჩევს მოქალაქე ტაქსის? - 45 000 ტაქსი, როგორც „ლაკმუსის ქაღალდი“
თბილისის მერიის სურვილსა და მოწოდებას, მოქალაქეებმა კერძო ავტომობილებით გადაადგილება შეამცირონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ისარგებლონ, არქიტექტორი პასუხობს, რომ არსებული სისტემა მგზავრთა მოთხოვნებს ჯერ ვერ აკმაყოფილებს. ამის დასტურად მას დედაქალაქში მოძრავი ტაქსების რაოდენობა მოჰყავს.
„თბილისში დაახლოებით 45 ათასი თეთრი ტაქსი დადის - ყოველი მეორე მანქანა ტაქსია. ტაქსით ხომ ის მოქალაქე მგზავრობს, ვისაც კერძო ავტომობილი არ ჰყავს, მაგრამ ურჩევნია, მეტი გადაიხადოს, ვიდრე ავტობუსით იმგზავროს. ეს პირდაპირი ლაკმუსის ქაღალდია იმისა, რომ ამ ეტაპზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს“, - აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.
მისივე თქმით, ფრანგული კომპანია „სისტრას“ რეკომენდაციით მოწყობილი ბევრი სატრანსპორტო კვანძი სწორია, თუმცა პრობლემას რეფორმების გაჭიანურებული ტემპი და მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობა ქმნის. არქიტექტორი მერიას ურჩევს, პროფესიონალებისა და დარგის სპეციალისტების ჩართულობით ღია მსჯელობები და კონკურსები გამოაცხადოს.
კავშირი განაშენიანებასა და საცობებს შორის
ინტერვიუში ირაკლი როსტომაშვილი შეეხო საზოგადოებაში გავრცელებულ მოსაზრებასაც, რომ ქალაქში საცობების მთავარი გამომწვევი მიზეზი ქაოსური სამშენებლო ბუმია. დეველოპერი ადასტურებს, რომ კონკრეტულ ლოკაციებზე (მაგალითად, სპორტის სასახლის მიმდებარედ) არასწორი დაგეგმარებით კატასტროფული გარემო შეიქმნა, თუმცა მიიჩნევს, რომ მშენებლობის შეჩერება გამოსავალი არ არის.
„25 წელია, ვამბობ, რომ K2 კოეფიციენტების გაზრდა დაუშვებელია - ამის გამო გადავდექი კიდეც დეველოპერთა ასოციაციის თავმჯდომარეობიდან, რადგან კოლეგების უმრავლესობასთან თანხვედრა არ მქონდა. ჩვენმა კომპანიამ („არსი“) ჯიქიას ქუჩაზე თავად მოითხოვა კოეფიციენტის განახევრება, მაგრამ კორპუსების მშენებლობა სანაპიროზე საცობს არ ქმნის. თბილისის საცხოვრებელი ფონდის უდიდესი ნაწილი ავარიულია, ხოლო ბინების 82%-ს საქართველოს მოქალაქეები ყიდულობენ; როდესაც ოროთახიან „ხრუშჩოვკაში“ სამი თაობა ცხოვრობს, ახალი, ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნის გარდა, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს“, - აღნიშნა მან.
რას უნდა დაესვას წერტილი სატრანსპორტო პოლიტიკაში? - ჟურნალისტის ამ კითხვის პასუხად ირაკლი როსტომაშვილმა კიდევ ერთხელ ის ორი მთავარი პრიორიტეტი დაასახელა, რომელთა გარეშეც დედაქალაქის სატრანსპორტო განტვირთვა შეუძლებელია: საგარეუბნო ტრანსპორტის განვითარება და მეტროს ახალი სადგურების მშენებლობა.
„რეალურად, ამის საშუალებაც არსებობს, ბიუჯეტიც და ჯერ კიდევ ცოცხლები არიან ის სპეციალისტებიც, რომლებსაც მეტრომშენებლობის გამოცდილება აქვთ. თბილისს სასიცოცხლოდ სჭირდება მეტროს ახალი სადგურები და ახალი ხიდები“, - განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.
























