მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ღირსეული ჯანდაცვის სისტემა მხოლოდ დასავლეთთან ურთიერთობით მიიღწევა" - შაბათს ექიმები აქციას გამართავენ

ექიმები

ექიმები, რეზიდენტები და ექთნები საქართველოსთვის - ამ სახელწოდებით შაბათს 18სთ-ზე ექიმების საპროტესტო აქცია დაანონსდა. როგორც ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პარლამენტის წინ ხელისუფლებას თეთრხალათიანები საკუთარ ხმას გააგონებენ და კიდევ ერთხელ ეტყვიან, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპაშია!

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა ნიკა ჯინიყაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში იმ დახმარებების პაკეტზე ისაუბრა, რაც სამედიცინო სექტორში საქართველოში დასავლელი პარტნიორების მხრიდან ხორციელდება.

„ჩვენ ყველა აქციაზე ვაფიქსირებთ საერთო პოზიციას, თუმცა ახლა გადავწყვიტეთ სამედიცინო საზოგადოების საერთო პოზიცია გაგვეჟღერებინა. ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა დგას და მხარს ვუჭერთ იმ რეალურ პროტესტს, რომელიც აუცილებლად გაიყვანს ამ ქვეყანას სამშვიდობოს.

თუ გვინდა გვქონდეს ღირსეული, რეალურად წარმატებული ჯანდაცვის სისტემა, ეს მიიღწევა დასავლეთთან ურთიერთობით. რეზიდენტურის მაგალითი რომ მოვიყვანო, არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ არის ისეთი სიმახინჯე ამ ნაწილში, როგორიც საქართველოში და პოსტსაბჭოთა ქვეყნებშია.

კონგრესი, სამედიცინო საზოგადოების განხილვა, სიახლე, კვლევები რითაც ვითარდებით, ეს ყველაფერი დასავლური სიკეთეებია. ყველა ამ გრანტს ჩვენი განვითარებისთვის ვიღებთ დასავლეთიდან და თუკი გვჭირდება ხარისხიანი მედიცინა, ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს მოდის მხოლოდ აშშ-დან და დასავლეთის წარმატებული დემოკრატიული ქვეყნებიდან. მათი მხარდაჭერა და დახმარებების პაკეტი უმნიშვნელოვანესია. ამის გაუფასურების მცდელობა ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს, აბსოლუტურად მიუღებელი და არასწორია.“ - განაცხადა ჯინიყაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები