რომის პაპმა ლიომ კვირას განაცხადა, რომ ღმერთი არ ისმენს იმ ლიდერების ლოცვას, რომლებიც ომებს იწყებენ და „ხელები სისხლით აქვთ დასვრილი“. პონტიფიკოსის ეს უჩვეულოდ მკაცრი განცხადება ირანში მიმდინარე ომის მეორე თვეს დაემთხვა.
წმინდა პეტრეს მოედანზე ათობით ათასი ადამიანის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, პაპმა კონფლიქტს სასტიკი უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ იესოს სახელი ნებისმიერი ომის გასამართლებლად ვერ იქნება გამოყენებული.
„ეს არის ჩვენი ღმერთი: იესო, მშვიდობის მეფე, რომელიც უარყოფს ომს და რომელსაც ვერავინ გამოიყენებს ომის გასამართლებლად“, - მიმართა მორწმუნეებს პაპმა ლიომ, რომელიც ისტორიაში პირველი ამერიკელი პაპია.
პაპმა ბიბლიური პასაჟი დაიმოწმა და აღნიშნა, რომ ღმერთი ზურგს აქცევს მათ, ვინც ძალადობას ირჩევს: „ის (იესო) არ უსმენს მათ ლოცვას, ვინც ომს აწარმოებს, არამედ უარყოფს მათ და ამბობს: 'ბევრსაც რომ ლოცულობდეთ, არ მოგისმენთ: თქვენი ხელები სისხლითაა სავსე'“.
მიუხედავად იმისა, რომ პაპს კონკრეტული მსოფლიო ლიდერები არ დაუსახელებია, საერთაშორისო მედია წერს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ის სულ უფრო ხშირად და ღიად აკრიტიკებს ირანში მიმდინარე საომარ მოქმედებებს. პონტიფიკოსმა მწუხარება გამოთქვა ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ქრისტიანების გამო, რომლებიც „სასტიკი კონფლიქტის შედეგებით იტანჯებიან“ და შესაძლოა, აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნაც ვერ შეძლონ.




























