კარგია, რომ ღვინის ექსპორტი რეკორდულად იზრდება და ცუდია, რომ არის ჭარბი დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე, - ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძემ ღვინის გაორმაგებული ექსპორტის მაჩვენებელზე საუბრისას განაცხადა.
„მევენახეობა-მეღვინეობის დარგი გახდა ერთ-ერთი წამყვანი დარგი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში, რაც გამოწვეულია სწორი სახელმწიფო პოლიტიკით. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ დარგის მხარდაჭერას გავაგრძელებთ, რათა ქართული ღვინის ინდუსტრიის განვითარებას კიდევ მეტად შევუწყოთ ხელი. ასეთი ღონისძიებები [WinExpo] და საერთაშორისო ღვინის გამოფენები ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის და ბაზრის დივერსიფიკაციისთვის. ასეთ დროს გვეძლევა შესაძლებლობა დავაფიქსიროთ, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო და ვიამაყოთ ღვინის წარმოების უწყვეტი ისტორიით“, - თქვა მან.
იური ნოზაძის განცხადებით, სახელმწიფოს პოლიტიკა ალტერნატიული ბაზრების მოძიებაა.
„კარგია ის, რომ ღვინის ექსპორტი რეკორდულად იზრდება და ცუდია ის, რომ არის ჭარბი დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე. სახელმწიფოს პოლიტიკა არის, რომ მაქსიმალური გავაკეთოთ, რომ მოვიკვლიოთ ალტერნატიული ბაზრები. გასულ წელს სხვადასხვა ბაზრების ათვისებისთვის ₾12 მლნ იყო გამოყოფილი, წელს ₾16 მლნ-ია. ჩვენ ვერ ვერევით კერძო სექტორში, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ალტერნატიული ბაზრები მოვიძიოთ.
ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს ღვინის მწარმოებლებთან და მათთან ერთად ყველა შესაძლო ვარიანტს განვიხილავთ, თუ რა ფორმით შეიძლება მოხდეს რუსული ბაზრის ჩანაცვლება. ეს რა თქმა უნდა გამოწვევაა. ერთი, რაც დღეს ხდება, არის მაქსიმალური ხელშეწყობა გამოფენებში მონაწილეობის, პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაციის და ა.შ.“, - თქვა მინისტრის მოადგილემ.