მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ღვინის ეროვნული სააგენტო 1 მლნ ლარის ლაბორატორიულ მომსახურებაზე გამარტივებულ შესყიდვა გამოაცხადა

ღვინო

ღვინის ეროვნული სააგენტო 1 მლნ ლარის ღირებულების ლაბორატორიულ მომსახურებაზე გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. სააგენტომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 29 ივლისს მიმართა.

შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით, საუბარია ღვინის ლაბორატორიულ კვლევებზე. ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, კვლევებში სხვადასხვა ლაბორატორია მათ შორის, უცხოური კომპანიებიც მონაწილეობენ, რომლებიც სააგენტოს ტენდერი რომ გამოეცხადებინა მონაწილეობას არ მიიღებდნენ. შესაბამისად, საჭიროა გამარტივებული წესით გაფორმდეს ლაბორატორიებთან კონტრაქტი.

"იმის გათვალისწინებით, რომ სააგენტოში არსებული ადამიანური რესურსი არ არის საკმარისი, რიგ შემთხვევაში კონტროლის განსახორციელებლად სააგენტო გეგმავს მონაცემთა შეკრება-ანალიზისთვის ჩართოს კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციები, რითაც ასევე უზრუნველყოფილი იქნება პროცესის როგორც გამჭვირვალობა ასევე სანდოობა.

გამომდინარე იქიდან, რომ ღვინის კომპანია სერტიფიკატის მისაღებად აუცილებელი კვლევების ჩასატარებლად თვითონ ირჩევენ ლაბორატორიას, ხოლო სატენდერო პროცედურებისა და ვადების გათვალისწინებით პრაქტიკულად შეუძლებელია განისაზღვროს კონკრეტული ლაბორატორია, ასევე ნიმუშების რაოდენობა და ის სპეციფიკაცია რის მიხედვითაც ხორციელდება ნიმუშის კვლევა შესაბამისად შეუძლებელია შესყიდვების წინასწარ დაგეგმვა.

გარდა ამისა, ალკოჰოლიან სასმელისა და სპირტის ნიმუშების (ისეთი კომპონენტების შემოწმება, რომლის შემოწმება საქართველოში არ ხდება) ქვეყნის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო აკრედიტირებულ ლაბორატორიებში შემოწმებისას ლაბორატორიები არ არიან დაინტერესებული მონაწილეობა მიიღონ საქართველოში ჩატარებულ სატენდერო პროცედურებში", - ნათქვამია სააგენტოს მიმართვაში.

სააგენტოს ცნობითვე, კვლევის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებების მიზანია ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის ხარისხზე მაქსიმალური კონტროლი, რათა ფალსიფიცირების რისკი მინიმუმადე იქნეს დაყვანილი. შესაბამისად, საექსპორტო ალკოჰოლიან სასმელსა და სპირტის თითოეული პარტიიდან აღებული ნიმუშები რამდენიმე აკრედიტირებულ ლაბორატორიაში მოწმდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები