მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის ეროვნული სააგენტოს პირველი რეგიონული ფილიალი გურჯაანში გაიხსნა

ღვინის ეროვნული სააგენტო
25.08.26 18:39
339

ქალაქ გურჯაანში ღვინის ეროვნული სააგენტოს პირველი რეგიონული ფილიალი გაიხსნა.

სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ოფისი მეღვინეებსა და მევენახეებს სააგენტოს სერვისებისა და შესაბამისი ინფორმაციის მიღებას გაუმარტივებს. თანამშრომლები ადგილობრივ მეწარმეებს კონსულტაციებს გაუწევენ და სააგენტოსთან კომუნიკაციაში დაეხმარებიან.

ღვინის ეროვნული სააგენტოს პირველი რეგიონული ფილიალი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გახსნა.

საწყის ეტაპზე, ოფისში რთველის საკოორდინაციო შტაბი იმუშავებს. სამომავლოდ, შენობაში ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიისა და შპს „ღვინის ლაბორატორიის“ კახეთის ფილიალები განთავსდება.

„კახეთში ღვინის მარნებისა და კომპანიების დიდი ნაწილია თავმოყრილი, შესაბამისად, ადგილობრივი მეღვინეებისთვის სერვისების რეგიონში ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ახალი ოფისი მათ შესაძლებლობას მისცემს, ღვინის ლაბორატორიული ანალიზები გურჯაანში, ადგილზე ჩაატარონ. ეს მნიშვნელოვნად გაამარტივებს ხარისხის კონტროლთან დაკავშირებულ პროცედურებს, დაზოგავს მეწარმეების დროსა და ფინანსურ რესურსებს და ხელს შეუწყობს ღვინის რეალიზაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის დროულად მიღებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გურჯაანში ახალი ოფისის გახსნას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, პარლამენტის წევრები და კახეთის მუნიციპალიტეტების მერები დაესწრნენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფილიალი ქალაქ გურჯაანში, იოსებ ნონეშვილის გამზირის N23-ში მდებარე შენობაშია განთავსებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები