მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის ხარისხი არსებული პოლიტიკით და რთველის სუბსიდირებით ვერ გაუმჯობესდება - მეღვინეობა

იაგო ბიტარიშვილის ღვინო

„ღვინის გაყიდვები, რომ გაიზარდოს - ღვინის ხარისხიც უნდა გაუმჯობესდეს, ღვინის ხარისხს კი მაღალი ხარისხის ყურძენი ზრდის, რაც ამ რთველის პოლიტიკით და სუბსიდირებით, სამწუხაროდ, ვერ მიიღწევა“, - ასე მიიჩნევს "იაგოს ღვინის“ დამფუძნებელმა იაგო ბიტარიშვილი, რომელიც BM.GE-სთან აცხადებს, რომ ყურძნის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად, სახელმწიფომ და კერძო სექტორმა, ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდაზეც უნდა იმუშაოს, რათა მეტი ღვინო გაიყიდოს და ბიუჯეტს რთველის სუბსიდირების წნეხიც მოეხსნას.

„მე არ შემხვედრია ვინმე, ვისაც მოსწონს სუბსიდირება და ამის შეცვლის სურვილი არ აქვს. მთავარი გამოწვევა ის არის, რომ უფრო მეტი ღვინო განსაკუთრებით ალტერნატიულ ბაზრებზე, შესაძლოა აზიაშიც კი გაიყიდოს. ეს უპირველესად გულისხმობს იმას, რომ ღვინის ხარისხი უნდა გაიზარდოს, ღვინის ხარისხი კი იზრდება მხოლოდ მაღალი ხარისხის ყურძნისგან, რაც ამ რთველის პოლიტიკით და სუბსიდირებით სამწუხაროდ ვერ მიიღწევა. მასობრივად ბარდება ყურძენი სხვადასხვა ადგილიდან, სხვადასხვა სიმწიფის ხარისხის და ნარევი, ეს არის ყურძენი რომლისგანაც მაღალი ხარისხის ღვინის გამოყვანა რთულია.

გამოწვევაა ქართული ღვინის დაბალი ცნობადობა.  ვთვლი, რომ უფრო მეტი უნდა დახარჯოს, როგორც სახელმწიფომ, ასევე კერძო სექტორმა მარკეტინგში. ასე მეტი ღვინო გაიყიდება, რაც ნიშნავს იმას, რომ მეტი შემოსავალი ექნება ეკონომიკას და ბიუჯეტს ნაკლები წნეხი ექნება სუბსიდირებისთვის“, - ამბობს იაგო ბიტარიშვილი.

ინფორმაციისთვის: ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფომ რთველის სუბსიდირებაზე რეკორდული თანხა 138 მილიონ ლარამდე 2021 წელს დახარჯა. გასულ წელს ბაზარზე ჭარბი ყურძნის შესყიდვას კი გამოყოფილი 150 მილიონიდან მხოლოდ 100 მილიონამდე ლარი მოხმარდა.  წელს ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ჩატარების მიზნით, ₾60 მილიონი უტენდეროდ, გამარტივებული შესყიდვის წესით უნდა გამოიყოს, თუმცა საჭირო გახდება თუ არა დამატებითი სახსრების მობილიზება ეს თვის ბოლოს გაირკვევა, როცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპანიები სუბსიდირების მიღებაზე განაცხადებით მიმართავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები