მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის კომპანიებისთვის თეთრი ყურძნის ფასი მცირედით გაიზარდა, თუმცა ეს გადალახვადია - რთველისი

რთველი

რთველი 2025 დასასრულს უახლოვდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოს მევენახეობის რეგიონებში 331 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა, რაც ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი, რეკორდული რაოდენობის მოსავალია. ქვეყნის მასშტაბით მოსავალი 22 ათასამდე მევენახე ფერმერმა დააბინავა. გადამუშავებული ყურძნიდან დაახლოებით 200 ათასი ტონა ყურძენი კერძო სექტორმა შეიძინა.

წელს რთველი განსხვავებული პირობებით ჩატარდა და კახეთის რეგიონში ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემოდა. შესაბამისად, კომპანიებს ყურძნის შედარებით მაღალ ფასად შესყიდვა მოუწიათ.

როგორც BMG-ის ღვინის კომპანია „რთველისში“ განუცხადეს, საფერავის ტიპის ყურძნის შემთხვევაში სხვაობა დაახლოებით 20 თეთრი იყო. მიუხედავად ამისა, კომპანიაში ამბობენ, რომ რთველის სუბსიდიიდან ეტაპობრივი გამოსვლა სწორი გადაწყვეტილება იყო.

კომპანიის დირექტორის, თორნიკე ჭიკაძის განცხადებით, წლევანდელ რთველში ერთ-ერთი გამოწვევა კლიმატური პირობები იყო, რამაც ხარისხზე ნეგატიური გავლენა იქონია.

“ზოგადად, სუბსიდიიდან გამოსვლა ალბათ არის სწორი და კარგი ნაბიჯი, იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარმა თვითონ უნდა დაარეგულიროს ფასი. მოთხოვნამ უნდა დაარეგულიროს პროდუქტის ფასი, რომ იყოს ჯანსაღი კონკურენცია. რა თქმა უნდა, გარკვეული სახით დღევანდელი ეს ნაბიჯი ფასებზე აისახებოდა, იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო საკმაოდ კარგად დაეხმარა მევენახეებს ყურძნის დაბინავებაში და წელს იყო რეკორდულად დიდი მოსავალი.

შესაბამისად, ჩვენთვის, ღვინის კომპანიებისთვის ფასის მცირე ზრდა იყო, განსაკუთრებით თეთრ ყურძენზე, წითლის ასპექტში არაფერი არ შეცვლილა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ალბათ ესეც დარეგულირდება. 20-თეთრიანი სხვაობა თეთრ ყურძენში გადალახვადი და დარეგულირებადია.

რაც შეეხება ხარისხს, საკმაოდ რთული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ამ კუთხით ძალიან დიდი პრობლემები გვქონდა. დღემდე მიმდინარეობს კახეთში ყურძნის კრეფა, საკმაოდ გაგვიჭირდა ხარისხიანი ყურძნის არჩევა. ნუ, დაგეგმილი, ვფიქრობ, რომ 95% მაინც შევასრულეთ, რაც გვქონდა გეგმაში, მაგრამ საკმაოდ გამოწვევებით სავსე ისეთი, შემოდგომა გამოგვივიდა მეწარმეებს ამ კუთხით”, - განაცხადა თორნიკე ჭიკაძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე წელს, ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებს: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს - 1.50 ლარად , „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს - 1.20 ლარად, არაკონდიციურ და დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1.00 ლარად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები