მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ღვინის კრისტალები ახლა სამკაულებზეც ბრწყინავს“ - Wine Diamond-ი The New York Times-ის გამოცემაში

ვაინ დაიმონდი

აგვისტოს მიწურულს, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა გამოცემამ New York Times-მა, ქართულ ბრენდზე Wine Diamond ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სათაურით: „ღვინის კრისტალები ახლა სამკაულებზე ბრწყინავს“. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, თამარ აბულაძემ, BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.

მისი თქმით, New York Times-ის გამოცემა სპეციალური ფორმატით გამოიცა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდა. სტატია დაიბეჭდა პრესტიჟულ რუბრიკაში, რომელსაც როგორც აბულაძე აღნიშნავს, მსხვილი არტ-გალერეები და სფეროს პროფესიონალები მოუთმენლად ელიან.

აბულაძის განმარტებით, სტატიის გამოქვეყნებას მალევე მოჰყვა შედეგი - Wine Diamond-ის გაყიდვები საგრძნობლად გაიზარდა, განსაკუთრებით ETSY-ის პლატფორმაზე, სადაც მომხმარებლებმა აქტიურად დაიწყეს პროდუქციის შეკვეთა.

“ინტერვიუს მსვლელობისას, საშუალება მომეცა რომ მეტწილად ჩემ ქვეყანაზე, მის კულტურაზე და ჩვენს 8000 -წლოვან ღვინის ტრადიციაზე მესაუბრა. ბუნებრივია ამ სტატიას უკუკავშირიც მოჰყვა. ბევრმა წერილიც კი გამოგვიგზავნა და მადლობა გადაგვიხადა იმისათვის, რომ პლანეტის ეკოლოგიას ვუფრთხილდებით.

გარდა ამისა, სტატიის გამოცემის შემდეგ ნიუ-იორკიდან არტგალერეა დაგვიკავშირდა, რომლებიც ჩვენით დაინტერესდნენ და კანდიდატად შეგვარჩიეს, რომ მათ გალერეაში ვიყოთ წარმოდგენილი. ახლა მიმოწერა და შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვართ უნიკალური, ჩვენს პროდუქციას ანალოგი არ გააჩნია. წინასწარი პროგნოზისგან თავს შევიკავებ, რადგან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, შერჩევის პროცესი. გვთხოვეს, რომ გაგვეგზავნა პორტფოლიო და დარწმუნებული ვარ, რომ დაგვიბრუნდებიან და არჩევანს ჩვენზე გააკეთებენ“, - თქვა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები