პირველმა ქართულმა ღვინის მარილის ბრენდმა „მარილამ“ პროდუქციის ასორტიმენტი გააფართოვა და წარმოებაში ახალი პროდუქტი - ტრიუფელის მარილი დაამატა.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ვახტანგ ვათიაშვილმა BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა, ახალი პროდუქტი რქაწითლის ბაზაზე მზადდება და მასში ნამდვილი შავი ტრიუფელია დამატებული, რაც მარილს განსაკუთრებულ არომატსა და მაღალი კლასის გასტრონომიულ ღირებულებას სძენს.
“ამ ეტაპზე ასორტიმენტი 7 სახეობის პროდუქტს მოიცავს. თავდაპირველად დავიწყეთ კლასიკური საფერავისა და რქაწითელის ღვინის მარილით. წარმოებაში ვიყენებთ ხმელთაშუა ზღვის მარილს და პრემიუმ ხარისხის ქვევრის ღვინოებს - რქაწითელსა და საფერავს, რომლებიც ჩვენი საბაზისო ვერსიებია. შემდგომ ეტაპზე, ასორტიმენტი სხვადასხვა მშრალი სუნელების დამატებით გავამრავალფეროვნეთ.
„მარილა“ არ შეიცავს არომატიზატორებს, კონსერვანტებსა და კოლორანტებს. ჩვენი ბოლო სიახლეა "ტრიუფელის მარილა", რომელიც რქაწითელის ბაზაზე მზადდება და მასში დამატებულია ნამდვილი შავი ტრიუფელი - მაღალი კლასის გასტრონომიული პროდუქტი, რომელიც ჩვენს მარილს უფრო მდიდარ და გამორჩეულ არომატს სძენს”, - თქვა მან.
ასორტიმენტის გაფართოების პარალელურად, კომპანია საერთაშორისო ბაზარზეც აქტიურად ცდილობს თავის დამკვიდრებას. კომპანიის დამფუძნებლის თქმით, „მარილა“ მონაწილეობას ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში - Alimentaria მიიღებს, რომელიც ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში იმართება და უკვე 50-წლიანი ისტორია აქვს. გამოფენა ორ წელიწადში ერთხელ ტარდება, მასში 3200-მდე კომპანია იღებს მონაწილეობას და ასი ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.
კომპანიის ინფორმაციით, „მარილა“ გამოფენაზე პროექტ „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით წარდგება. როგორც ვათიაშვილი ამბობს, აღნიშნულ პლატფორმაზე ღვინის მარილის მსგავსი პროდუქტი პრაქტიკულად არ არის წარმოდგენილი, რაც ბრენდისთვის ერთდროულად შესაძლებლობაცაა და გამოწვევაც.
„ეს არის B2B ტიპის გამოფენა, სადაც იკრიბებიან რესტორატორები, დისტრიბუტორები და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ გავაცნოთ ჩვენი უნიკალური პროდუქტი და გავაფართოოთ საერთაშორისო პარტნიორობა“, - განმარტავს ის.
მისივე თქმით, „მარილას“ მიმართ ინტერესი უკვე შეინიშნება სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის აშშ-დან, გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან, ხოლო პროდუქტი წარმოდგენილი იყო იაპონიაშიც, სადაც დადებითი გამოხმაურება მიიღო.




























