მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღია აუზი, დეტოქს კაფე, მიწისქვეშა პარკირება - მესაკუთრე კუს ტბის რეაბილიტაციას გეგმავს

646f5521c5c61
ანუკა ჯოხაძე
25.05.23 16:42
5801
კუს ტბის განვითარებასა და რეკონსტრუქციაზე განაცხადი თბილისის მერმა 2 წლის წინ გააკეთა. კახა კალაძე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ქალაქის შუაგულში მდებარე რეკრეაციული სივრცე განახლდებოდა.

კუს ტბის მესაკუთრეებმა ტერიტორიის განვითარების წინადადებით თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიმართეს. გეგმარებითი დავალების დამტკიცების პროცედურა უკვე თითქმის 10 თვეა მიმდინარეობს და კუს ტბისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია/განახლებას გულისხმობს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 1990-იანი წლებიდან კუს ტბის ტერიტორიის განვითარება ქაოსურად ხდება. ტერიტორია დანაწევრებულია და ადგილზე როგორც კერძო, ისე მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ნაკვეთები გვხვდება.

არსებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ცენტრალური მოედანი, სადაც ამ დროისთვის პარკინგია განთავსებული სრულად გათავისუფლდება და განიხილება, რომ ადგილზე მიწისქვეშა პარკინგი მოეწყოს.

ასევე პროექტის მიხედვით გეგმაშია, მიწისქვეშ კვების ობიექტის მოწყობაც, ხოლო დღეს პარკინგად ქცეული მოედანი საფეხმავლო სივრცედ გადაკეთდება.

No description available.


დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კუს ტბის მთავარ მოედანზე არსებული თაღებიანი შენობის თავზე იგეგმება ორი ერთსართულიანი კაფე-პავილიონის მოწყობაც. თუმცა დოკუმენტში ისიც აღნიშნულია, რომ არ არის გამორიცხული დღეს არსებული კაფეების დემონტაჟი მოხდეს, იმისთვის, რომ კუს ტბის ხედი თვალსაჩინო იყოს.

არსებული მდგომარეობით ტერიტორიაზე განვითარებულია სატრანსპორტო ზონა 1, სარეკრეაციო ზონა 2 და სატყეო ზონა. ინვესტორი ამ ნაწილში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ითხოვს. წარმოდგენილი გეგმით, ტერიტორიის მცირე ნაწილს სატრანსპორტო ზონა 1-ის ნაცვლად სარეკრეაციო ზონის სტატუსი დაედება, რომელიც ადგილზე, მათ შორის კვების ობიექტების განვითარებასაც მოიაზრებს.

No description available.

მათ შორის გეგმაშია ძველი რესტორნის აღდგენაც, რომელიც კუს ტბაზე 1990-იან წლებამდე ფუნქციონირებდა და დღეს მხოლოდ კარკასია დარჩენილი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კუს ტბის ტერიტორია 4 ნაწილად დაიწყობა. მათ შორის ერთ-ერთი ზონა იქნება მშვიდი ზონა, სადაც დაგეგმილია ერთდღიანი დასასვენებელი კომპლექსის მოწყობა, სადაც იქნება სპა პროცედურები, ასევე მოეწყობა ღია აუზი, დეტოქს კაფე და პლაჟი.

ტერიტორიაზე დაგეგმილია გასართობი სივრცის განვითარებაც, სადაც იქნება სპორტული მოედნები, სკეიტ პარკი და საბავშვო სივრცეები. 

No description available.

პროექტის ავტორის პოზიციაა, რომ სანაპირო ზოლი სრულად გახსნილი უნდა იყოს, მისი თქმით, პლაჟზე დაუშვებელია ღობეების მოწყობა.

კუს ტბის რეკონსტრუქცია/განახლების წინადადება ამ ეტაპზე გეგმარებითი დავალების მომზადების სტადიაზეა, რომელსაც განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავება-დამტკიცება მოსდევს. საბოლოო გადაწყვეტილება კი პროექტზე თბილისის საკრებულომ უნდა მიიღოს.

ცნობისთვის, კუს ტბა 1990-იანი წლებიდან გასხვისდა, შესაბამისად, ტბას 20 წელზე მეტია კერძო მესაკუთრე ჰყავს. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის მფლობელ კომპანია შპს “კუს ტბა კალას” რამდენიმე მეწილე ჰყავს, ყველაზე დიდ წილს ანა, ეთერ და მიხეილ ხარძიანები ფლობენ, თუმცა მსხვილი წილის მფლობელები არიან ოფშორში რეგისტრირებული ორი კომპანია "ები ქეპიტალი" და "უოლმილ სერვისი".

BM.GE დაუკავშირდა კუს ტბის მესაკუთრე კომპანიის, “კუს ტბა კალას” დირექტორს, თუმცა ნინო ბადაგაძემ ამ დროისთვის კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები