გია პირადაშვილმა ლუდის საპილოტე პარტია გამოუშვა. პროდუქციის გაყიდვა უახლოეს პერიოდში თბილისის სამ რესტორანში დაიწყება, ამ ეტაპზე კი მისი დაგემოვნება პირადაშვილის შატოებშია შესაძლებელი.
პირადაშვილის განცხადებით, ეს არ არის იაფიანი პროდუქცია, რადგან მისი თვითღირებულება მაღალია. ლუდის დამზადებისას, აქცენტს ქართული ნედლეულის გამოყენებაზე აკეთებენ.
"ლუდს "შანტრაბა" დავარქვით, გამოდის ბოთლში ჩამოსხმული, ეს არის კრაფტი, რომლის გემოვნური თვისებები ქართულ გემოებზეა დაფუძნებული. ჩვენ ვაგროვებთ მთის ქონდარს, რომელსაც ვიყენებთ ლუდის წარმოებისას, ასევე ქართული ფორთოხლის ცედრას. ლუდი ორი სახისაა, ერთი მზადდება კახური ჯიშის ხორბლისგან, ხოლო მეორე - შავი ლუდი - ქერისგან, რომელიც სამწუხაროდ საქართველოში არ გვაქვს და შემოგვაქვს. ორივე ლუდი გაუფილტრავია, 0,75 მილილიტრიანი ბოთლით გამოდის და მისი ღირებულება 20 ლარი იქნება. თეში 500-600 ლიტრის წარმოებას ვგეგმავთ, რაც დაახლოებით 800 ბოთლია. ძალიან მცირეა ის რესურსი, რითიც ეს ლუდი გვინდა დავამზადოთ, შესაბამისად წარმოების მოცულობა შეზღუდულია. ეს არის ძალიან განსხვავებული და შედარებით მაღალალკოჰოლური ლუდი, რომელიც არ უნდა დალიო ბევრი. ეს არის ჩემი კერძო ინიციატივა, მას ვაკეთებ ჩემს მეგობართან გია ალხანაიძესთან ერთად, რომელიც პროფესიონალი ლუდის მხარშველია, ის თუშია წარმოშობით და გვინდა ერთად გავაცოცხლოთ ის ტრადიციები, რაც საქართველოში გაკეთებულ მთის ლუდს უკავშირდება", - განაცხადა გია პირადაშვილმა.

























