საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი "TV პირველის" დამფუძნებლის მამის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის „თიბისი ბანკის“ საქმეზე ბრალის წარდგენას აფასებს.
"სამართლებრივად ვერ შევაფასებ. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ის ცნობილი 17 მლნ აშშ დოლარი, სწორედაც ავთანდილ წერეთელმა ისესხა, შემდეგ ამ სესხს არ მომსახურებია და პირად ანგარიშებზე დაუბრუნა კონკრეტულ ადამიანებს ეს თანხა და კარგა ხანი ამ საკითხთან დაკავშირებით არც ვალის მომსახურებაზე იყო საუბარი და შემდეგ ეს თანხა ოფშორულ ზონაში აღმოჩნდა. თუ ვინმე მეტყვის ჩვენი საზოგადოებიდან ნებისმიერი პოლიტიკური მრწამსის ადამიანი, რომ ასეთი კომბინაციის თაობაზე პროკურატურამ არ უნდა აღძრას საქმე, მე ვფიქრობ, რომ არასწორი და არაობიექტური იქნება.
"TV პირველის" დამფუძნებელი, ნებისმიერი ტელევიზიის დამფუძნებელი, პოლიტიკური პარტიის ჩამომყალიბებელი, საზოგადოებრივი მოძრაობის ხელმძღვანელობა არ არის ის საფარველი, სადაც შეიძლება აარიდო თავი შეკითხვას, 17 მილიონის აორთქლებაში რა მონაწილეობა გაქვს მიღებული, ისე რომ ისესხე, არ მომსახურებიხარ ამ სესხს და პირად ანგარიშებზე გადარიცხე და იქ ოფშორული ზონაც ჩართულია ამ კომბინაციაში", – განაცხადა გია ვოლსკიმ "TV პირველთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა წერეთელს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებთან მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება.
"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება ჯგუფის სხვა წევრის მიმართ.
კერძოდ, გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით).
ავთანდილ წერეთელი დღეს დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით, რის შემდეგაც საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე", – განაცხადა პროკურორმა.

























