მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გიბიძგებენ დახურო ბიზნესი", "საჩუქარი" გაგვიკეთეს" - ბიზნესი "ოქროს სიის" გაუქმებაზე

5cf82e1d09211
თამუნა ქემერტელიძე
06.06.19 00:45
6269
კომპანიების ე.წ. „ოქროს სია“ გაუქმდა - ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევს.

აღნიშნულს საქართველოს ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის 2019 წლის 31 მაისს ხელმოწერილი ბრძანება №162 ითვალისწინებს, რომლის თანახმად, ზემოაღნიშნული ცვლილება აქციზური საქონლის მიმართ ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს (2019 წლის 12 ივნისს), ხოლო სხვა შემთხვევაში –გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს (2019 წლის 2 ივლისს).

ვანო მაჭავარიანის უწყებაში აცხადებენ, რომ ცვლილება შეეხება ე.წ. „ოქროს სიის“ წევრ 217 კომპანიას და ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ყველა კომპანია თანაბარ, კონკურენტუნარიან პირობებში აღმოჩნდება, განსაკუთრებით კი - მცირე და საშუალო ბიზნესი.

ამასთან სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ცვლილებების თაობაზე ბიზნესს შეტყობინებები დაეგზავნა და კერძო სექტორს გონივრული ვადაც მიეცა, თუმცა bm.ge-ისთან საუბარში მსხვილი ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათთვის ვანო მაჭავარიანის ბრძანება „მოულოდნელი საჩუქარია“ და ზოგიერთმა ამის შესახებ რამდენიმე საათის წინ გაიგო.

ზვიად სხვიტარიძე -„ბრითიშ ამერიკან ტობაკოს“ კორპორატიული და იურიდიული დირექტორი: “სამწუხარო ფაქტს ჰქონდა ადგილი, მხოლოდ 2-3 საათის წინ შევიტყვეთ მინისტრის იმ ბრძანების შესახებ, რომელიც თითქმის ყველა იმპორტიორს ეხება, ვინც იხდის აქციზს, საბაჟო გადასახადს, დღგ-ს... სერიოზულ საგადასახადო ტვირთზეა საუბარი; თუ აქამდე 30-დღიანი ვადა გვქონდა, ახლა 5 დღეში მოგვიწევს ამ გადასახადების გადახდა; ეს განსაკუთრებით ჩვენთვის, თამბაქოს ბიზნესისთვისაა რთული.
ეს არის აბსოლუტურად გამაცამტვერებელი მდგომარეობა ჩვენი ბიზნესისთვის და აბსოლუტურად კრიზისული მდგომარეობა, რადგან ჯერ აქციზი გაზარდეს ისე, რომ არაფერი ვიცოდით და ახლა - ეს. გაყიდვები ისედაც 50%-ით შემცირდა, ხალხი ე.წ. თუთუნის მოხმარებაზე გადავიდა, სადაც აქციზს არავინ იხდის. შემცირებული გაყიდვების პირობებში, როცა იმ 30 დღის ვადაში ვერ ვახერხებთ პროდუქციის რეალიზაციას, ესენი გვეუბნებიან, რომ 5 დღეში გადაგვიხადეთ გადასახადიო - როგორ მოვახდინოთ ეს? სესხით? BAT ფიქრობს სესხის აღებას, ივნისში ხელფასებს ვერ გავცემთ, ამ მდგომარეობამდე კი, რეგულაციების გამო მივედით. ახლა კი, რომელი სესხით დაიფარება თუნდაც ერთი კონკრეტული განბაჟება, რომელიც მინიმუმ 15 მილიონი ლარია? საიდან უნდა მოვიტანოთ 15 მილიონი? ამ რეალობის წინაშე დააყენეს დღეს ბიზნესი. საუბარია, მინერალურ წყლების კომპანიებზე, ნავთობის კომპანიებზე... 50 ათასი ადამიანი მარტო ჩვენს ინდუსტრიაშია დასაქმებული... პირდაპირ გიბიძგებენ იმისკენ, რომ შეამცირო თანამშრომლები, ამოყიდო პროდუქცია და დახურო ბიზნესი.

ივა ხასია - JTI-ის მარეგულირებელ საკითხთა მენეჯერი კავკასიაში: აქამდე დამკვიდრებული პრაქტიკა იყო, რომ პროდუქციის შემოტანიდან 30 დღის ვადაში ვიხდიდით აქიციზის სრულ ღირებულებას, ახლა კი ეს 5 დღეში უნდა გადავიხადოთ. რეალურად შემოტანიდან პირველივე კვირას. Cash Flow-ს გვიზღუდავენ. საინტერესოა, რა გათვლა აქვს სამინიტროს? ყველა მსხვილ კომპანიას Cash Flow შეუმცირდება და ეს უარყოფითად აისახება ბიზნესოპერაციებზე. რეალურად, ამოგვაცლიან საბრუნავ თანხას. მე თვითონ დღეს გავიგე ეს ინფორმაცია, მოგვიწევს სესხების აღება. დამატებით „საჩუქარი“ გაგვიკეთეს... ერთ კვირაში მთელი ბიზნეს მოდელი უნდა გადავწყოთ.

გოგა ახალაძე - „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ ფინანსური დირექტორი: „ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გავიგე. წინასწარი კომუნიკაცია არ ყოფილა. რითაა ეს გადაწყვეტილება გამოწვეული, ვერ გეტყვით, ბიზნესს ცალსახად სჭირდება საბრუნავი თანხები. “Cash Flow”-ში გაიჭედებიან კომპანიები. რა მოტივით მოხდა ეს, ვერ გეტყვით“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები