ქართველმა ბიზნესმენმა დავით ბეჟუაშვილმა ყაზახეთში კომპანია Eurasian Retail Group Limited დაარეგისტრირა, რომელიც საქმიანობას სწრაფი მოხმარების საქონლის (FMCG) სექტორში დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზახური Forbes-ი წერს. ამასვე ადასტურებენ GIG ჰოლდინგის პრესსამსახურში.
კომპანია 2026 წლის 4 თებერვალს, ასტანის საერთაშორისო ფინანსურ ცენტრში დარეგისტრირდა. დავით ბეჟუაშვილი მის ერთადერთ აქციონერად და აღმასრულებელ დირექტორად არის მითითებული. კომპანიის საქმიანობა მოიცავს საკვები პროდუქტების, სასმელების და თამბაქოს ნაწარმის, ასევე სხვა საქონლის საცალო ვაჭრობას ბაზრებზე. ყაზახური Forbes-ის თანახმად, კომპანიამ მენეჯმენტის დასაკომპლექტებლად ვაკანსიების გამოცხადება უკვე დაიწყო.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა ბრენდით იქნება აღნიშნული კომპანია ყაზახეთის საცალო ბაზარზე წარმოდგენილი.
GIG ჰოლდგინგი ამ დროისთვის საქართველოში; უკრაინაში და ყაზახეთსა და უზბეკეთში ფლობს ბიზნესებს. საქართველოში კომპანიას ეკუთვნის საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია; თბოსადგური მტკვარი ენერჯი; სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტსი"; ევროპული სკოლა; ჯეო ჰოსპიტალსი; ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა (ქამქ) და სხვა აქტივები. უკრაინაში ჯგუფი ფლობს ხერსონის პორტის ოპერირების ლიცენზიას, ასევე კიევის ამერიკულ უნივერსიტეტს; უზბეკეთში კი ამერიკულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს.




























