"გააჩნია ვინ წავიდა და ვინ მოდის ამ პოსტზე. ეკონომიკის მინისტრის პოსტი თავისთავად მნიშვნელოვანია, თუმცა გააჩნია, ამ პოსტზე ვინ იქნება", - ამის შესახებ bm.ge-ს ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა განუცხადა.
ფინანსისტი მიიჩნევს, რომ გიორგი ქობულიას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი არ შეუტანია.
"მაგალითად, პოსტზე შესაძლოა იყოს ვიღაც, ვინც ვერაფერს გააკეთებს და იყოს კახა ბენდუქიძე. რაც შეეხება ქობულიას, რომ გითხრათ, ქართული ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, მოგატყუებთ. ეს კაცი დაბნეული იყო, საერთოდ არ იყო თავის ადგილზე. გარკვეული თვალსაზრისით, თანამდებობის დატოვებით შესაძლოა, ის ტვირთისგან გათავისუფლდა კიდეც", - განაცხადა ბედინეიშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში მაღალი თანამდებობის პირები არაფერს წყვეტენ და გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს.
ბედინეიშვილის აზრით, ეკონომიკის მინისტრების სწრაფი ცვლა ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე მოქმედებს.
"რა თქმა უნდა, ის, რომ ეკონომიკის მინისტრები იცვლებიან, ეს კარგად არ გამოიყურება, თუმცა აქ გაცილებით დიდი პრობლემაა ის, რომ ვიცით, ეკონომიკის მინისტრი და პრემიერი არაფერს წყვეტენ და გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს.
ეკონომიკის მინისტრების ცვლა პოტენციური ინვესტორების გადმოსახედიდან სერიოზულ პრობლემას ქმნის. ქვეყანაში მიიღება გადაწყვეტილებები და ამის შედეგი არაპროგნოზირებადია. რა თქმა უნდა, ეს ინვესტორებს სურვილს უკარგავს, რომ საქართველოს, როგორც მნიშვნელოვან საინვესტიციო გარემოს შეხედონ", - განაცხადა ბედინეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ–მინისტრმა გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან დღეს გაათავისუფლა.

























