ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილის აზრით, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციები არ უნდა განახორციელოს, რადგან არსებულ სიტუაციაში რეზერვების გაყიდვა წყალში ფულის ყრაა.
საქმე იმაშია, რომ რამდენიმე დღის წინ BAG-ის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ საქართველოს ეროვნულ ბანკს ინტერვენციების გაგრძელებისკენ მოუწოდა.
„სოსო ფხაკაძესთან მეგობრული რჩევა მექნება - წარმატებული ბიზნესმენია, დარწმუნებული ვარ, დოლარებიც დაზოგილი აქვს, წავიდეს და იყიდოს ლარები საკუთარი დოლარებით და თუ უნდა ასე გაამყაროს ლარი. ეროვნული ბანკის რეზერვები ეკუთვნის ქართველ ხალხს, ამიტომ ჩვენ რომ ვუთხრათ, ეროვნულ ბანკს, რომ დახარჯოს უაზროდ რეზერვები იმისთვის, რომ პოლიტიკური სიტუაცია გაუადვილოს „ქართულ ოცნებას“, ეს არის არასწორი რჩევა და წყალში გადაწრილი ფული“, - აცხადებს bm.ge-ისთან გიგა ბედინეიშვილი და მიაჩნია, რომ ამის დასტურია სებ-ის მიერ გაყიდული 32 მლნ დოლარი.
„მიუხედავად ჩემი კრიტიკული დამოკიდებულებისა ეროვნული ბანკის მიმართ, მათ შორის სებ-ის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, ასევე, ვფიქრობ, მათი როლი „თიბისის ბანკის“ დამფუძნებლების საქმეში, მართლაც სამარცხვინოა, მე მხარს ვუჭერ ეროვნული ბანკის ზოგად ძალისხმევას, რომ გაზარდოს რეზერვები; შეიძლება ვიკამათოთ დროის თვალსაზრისით - როდის იყო სწორი ამ დოლარების ყიდვა, როდის არ იყო სწორი, მაგრამ ზოგადად მეტი რეზერვი რომ გვჭირდება, ამაში ცუდი არაფერია და აშკარაა, რომ ის 40 მლნ დოლარი, რომელიც სებ-მა გამოიტანა, ფაქტობრივად, წყალში გადაიყარა და ეროვნულმა ბანკმა თავისივე სტრატეგიის საპირისპიროდ იმოქმედა, რადგან მუდმივად ზრდიდა რეზერვებს; როგორც ჩანს, ვიღაცამ დაუცაცხანა ალბათ ეროვნულ ბანკს, რომ აბა, სასწრაფოდ დოლარები გაყიდეთო და ამის შედეგად გამოიტანეს ვალუტა; შედეგად რა მივიღეთ? - ცოტა ხანი გამყარდა ლარი და მერე ისევ ეფექტი ნული იყო, რადგან ისევ დასუსტდა ეროვნული ვალუტა“, - განაცხადა ბედინეიშვილმა.

























