"ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა ამბობს, რომ 2013 წელს მის მიერ ხელმოწერილი განკარგულება სამართლებრივად სწორი იყო, თუმცა დღეს განსხვავებული გარემოებების გამო, იმავე გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.
“დღევანდელი გადმოსახედიდან, მე ამ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი, იმის მიუხედავად, რომ სამართლებრივად ჩემი მაშინდელი გადაწყვეტილება იყო სწორი და ამის აღიარება უსამართლო სასამართლოსაც მოუწია", - ამბობს უგულავა.
დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ გიგი უგულავას კორუმპირებული უწოდა და თქვა, რომ მის მიერ გაცემული სამშენებლო ნებართვები ქალაქს პრობლემებს უქმნის.
“ჩემთვის უგულავა, რომელიც არის კორუმპირებული, არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყო ქალაქის მერი. რამდენიმე დღის წინ უგულავა გამოდის, მიამიტი სახით, მინაბული თვალებით, ბოდიშს უხდის ხალხს ჩემი გამონათქვამების გამო და არა იმის გამო , რაც ჩაიდინა ქალაქის წინაშე და რა შეცდომები დაუშვა. ეს არის დიდი დანაშაული თბილისისა და თბილისელების წინაშე“, - განაცხადა კალაძემ.
გიგი უგულავას თქმით კი, კალაძის განცხადება მოსახლეობის სიცრუეში შეყვანას ისახავს მიზნად.
უგულავას თქმით, 2013 წელს აღნიშნული ტერიტორია ვაკის პარკის საზღვრებში არ ექცეოდა, ხოლო განახლებული გენერალური გეგმით კი, მიწა, რომელზეც სასტუმრო “ბუდაპეშტი” უნდა აშენდეს მკაფიოდ ვაკის პარკის საზღვრებში ექცევა.
“ვიმეორებ, გამოსავალი ამ სიტუაციაში არის შემდეგი: სამართლებრივად რომ სწორი იყო ეს გადაწყვეტილება, ეს იცის კალაძემაც და ეს დაადასტურა სასამართლომაც. შესაბამისად, დღეს, მიუხედავად იმისა, რას გვეტყვის კალაძე, მას აქვს სრული ლეგალური შესაძლებლობა, არ განაახლოს ეს მშენებლობა, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდაზე ინვესტორთან და მონახოს საერთო ენა. მას აქვს ბევრი არგუმენტი, მათ შორის, ახალი გენგეგმა, რომელსაც თვითონ ლობირებს,” - ამბობს გიგი უგულავა.

























