გიგი უგულავა შსს-ის შენობაში შევიდა. შესვლამდე ის თავის მხარდამჭერებს და ახლობლებს დაემშვიდობა. მას თან ახლავს ადვოკატი.
შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
„ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გიგი უგულავას სასჯელად დაუწესა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც განახევრდა ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე და ამ ოთხწელიწადნახევრიდან სასჯელი განახევრდა და დარჩა წელიწადი და 3 თვე, რაც გიგი უგულავას ჰქონდა მოხდილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ეს გადაწყვეტილება გადაიგზავნება აღსასრულებლად, მას უკვე თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი“, - განაცხადა უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
ცნობისთვის, ე.წ. ფონდის საქმეზე გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავებოდა. აღნიშნულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავას 1 წლითა და 3 თვის ვადი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ეს სასჯელი სხვა საქმეზე დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა.