სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით, 2 თებერვალს, "თბილისი მოლთან" დაკავებულ 8 პირს სასამართლომ საპატიმრო გირაო შეუფარდა. შესაბამისად, ისინი თანხის გადახდის შემდეგ განთავისუფლდებიან.
ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ მიიღო და პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი საპატიმრო გირაოს ითხოვდა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულთა ნაწილს 3 500 ლარიანი გირაო შეუფარდა.
შეგახსენებთ, დაკავებულები არიან: გიგი უგულავა, ვასილ ელიავა, ირაკლი ტაბატაძე, ირაკლი წიგნაძე, დიმიტრი ბიძინაშვილი, ნიკოლოზ კუპატაძე, ნიკოლოზ ქუმსიშვილი და ალექსანდრე გოგოლაძე. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

























