მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიგლა მიქაუტაძე: ანტიდემპინგური კანონი არანაირ სარგებელს არ მოუტანს ქართულ ეკონომიკას

5d1a2c424d7ea
დავით ჯალაღონია
02.07.19 10:30
1085
საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარის გიგლა მიქაუტაძის აზრით, ერთადერთი, რასაც "ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ" კანონი ქვეყანას მოუტანს, სწორედ დამატებითი ხარჯებია, რაც ისევ რიგით მოქალაქეებს დააწვება ტვირთად.

გიგლა მიქაუტაძის განმარტებით, საქართველოში ისეთი სახის დემპინგი, რომელიც ადგილობრივ წარმოებას კლავს, ჯერ არ დაფიქსირებულა, აქ ძირითადად იაფ იმპორტირებულ პროდუქციასთან გვაქვს საქმე, რაც მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი ფენებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

"კლასიკური ლიტერატურის მიხედვით, საქართველო, არც როგორც ქვეყანა და არც როგორც ეკონომიკა, არ განეკუთვნება ისეთ კატეგორიას, რომელიც შესაძლოა, თეორიულად დემპინგის ობიექტი აღმოჩნდეს. დემპინგს აქვს თავისი ხარჯი, როდესაც მისი გამოყენება ხდება კონკრეტულ ქვეყანაში, კონკრეტული ინდუსტრიის დასაზიანებლად და მონოპოლიური ძალაუფლების მოპოვების მიზნით, ეს ხდება ძირითადად დიდ ქვეყნებს შორის, ინვესტიციატევად სექტორებში და უფრო მეტად, სამთომოპოვებით დარგებში. საქართველო ამ კუთხით დიდი რისკების მქონე ქვეყანა არ არის.

შესაბამისად, კითხვა დგას ასე - რას მოგვიტანს ეს რეგულირება და რა რისკებს შეიცავს? ჩემი აზრით, ეს ახალი კანონმდებლობა არანაირ სარგებელს არ მოუტანს ქართულ ეკონომიკას, ვინაიდან ჯერ ერთი, საქართველოში დემპინგი აქამდე საერთოდ არ დაფიქსირებულა და ძირითადად საქმე გვქონდა იაფ იმპორტთან, რასაც სხვადასხვა მიზეზები ჰქონდა, იქნებოდა ეს სეზონურობა, კურსის თემა, თუ მოკლევადიანი მოვლენები. გარდა ამისა, აბსურდია, როდესაც საუბრობენ, რომ საქართველოს მიმართ რომელიმე ქვეყანამ მაღალკონკურენტულ ბაზარზე დემპინგი გამოიყენოს, ვინაიდან დემპინგის აზრი არის მხოლოდ ის, რომ შენ ამის შემდეგ ხდები მონოპოლისტი და აბსოლუტური ძალაუფლების მქონე იმ კონკრეუტლ ბაზარზე. ხოლო როდესაც მოხმარების საქონელზეა საუბარი და იქ დემპინგზე მიდის მსჯელობა, ეს აბსურდია, რადგან თეორიულად შეუძლებელია, რომ თუნდაც რომელიმე კონკურენტი ამ გზით მოიცილო. ხვალ სხვა კონკურენტები გაჩნდებიან და იქ აზრი არ აქვს დემპინგით ბაზარზე შესვლას.

მთავარი რისკი აქ არის, რომ შესაძლოა ეს კანონმდებლობა გამოიყენოს მავანმა სწორედ იაფი იმპორტის შეზღუდვის მიზნით, ხოლო იაფი იმპორტის შეზღუდვა, რა თქმა უნდა, ხელს შეუშლის სხვა სექტორების განვითარებას და ზოგადად, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის ზრდასაც. მაგალითად რომ ავიღოთ სამშენებლო მასალები, მისი გაძვირება ხელს უშლის სამშენებლო სექტორის განვითარებას და ადამიანებს - ბინის შეძენაში. ამიტომ ნებისმიერ პრობლემას მხოლოდ ერთი მწარმოებლის, ან ბიზნეს სუბიექტის ჭრილში არ უნდა შევხედოთ", - განაცხადა გილა მიქაუტაძემ BM.GE-ისთან საუბრისას.

მისივე თქმით, კონკურენციის სააგენტოს ახალი ფუნქციებით ისეთი მწარმოებლებიც ისარგებლებენ, რომელთაც დემპინგის საფრთხე არ აქვთ.

"კონკურენციის სააგენტო ვალდებული იქნება, შექმნას თავისი უწყება, თანამშრომლები აიყვანოს, რომელთაც საქმე არ ექნებათ და ეს ხალხი დაიწყებს ხელოვნურად რაღაც საქმეების მოძიებას, კვლევებს, რაც ხარჯი იქნება და ასევე, ამ სააგენტოს ექნება მაღალი მიმართვიანობა, არა იმიტომ რომ მართლაც დემპინგის ბევრი შემთხვევა იქნება, არამედ იმიტომ, რომ რამდენჯერაც რომელიმე კომპანია იაფ იმპორტს დაინახავს, აუცილებლად გაიქცევა ამ უწყებაში და მოსთხოვს მოკვლევის ჩატარებას დემპინგთან დაკავშირებით", - განაცხადა მიქაუტაძემ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ განიხილა და მხარი დაუჭირა კანონპროექტს "ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ", რის შემდეგაც მას უკვე საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს.

კანონპროექტის მიზანია, დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვა. ამისთვის უნდა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დემპინგურ იმპორტსა და ადგილობრივი ინდუსტრიის მატერიალურ ზიანს შორის. თუ საკითხის შესწავლა დაადგენს, რომ არსებობს კავშირი ამ ორ ფაქტორს შორის, ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის მიზნით, უცხოური კომპანიის მიმართ, რომელიც აწარმოებს დემპინგურ იმპორტს, ანტიდემპინგური ღონისძიება გატარდება.

კანონის ამოქმედება 2020 წლის პირველი იანვრიდან იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები