დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი კანონპროექტთა პაკეტი განიხილეს. კომიტეტებმა პირველი მოსმენით განიხილეს საქართველოს პარლამენტის წევრის, ზურაბ ტყემალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე".
კანონპროექტით საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარების უფლების მოსაპოვებელ ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები იცვლება. კერძოდ, იცვლება კანონის მე-6 მუხლი, სადაც დგინდება ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარებისათვის გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო რეგულაციები. ახლებურად დგინდება ლატარიის ბილეთების უსასყიდლო მიწოდებაზე, მესამე პირის მიერ ლატარიის ბილეთების მეშვეობით წამახალისებელი გათამაშების მოწყობის, ასევე, ლატარიის მიერ წამახალისებელი გათამაშების მოწყობისა და საპრიზო ფონდის ნაწილის რეზერვირების წესები. თემაზე "ბიზნესკონტაქტთან" გადასახადების გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარე გიგილა მიქაუტაძე საუბრობს.
- ბატონო გიგლა, აზარტული თამაშების სფეროში რა გვარდება და რა რთულდება ამ ცვლილებებით?
- ალბათ გახსოვთ წლის დასაწყისში “საქართველოს ლატარიის კომპანიის“ პრივატიზების მცდელობა იყო, თუმცა მაშინ ძალიან ბევრი კითხვა გაგვიჩნდა, იმიტომ, რომ ეს პრივატიზაცია საკმაოდ უცნაურ პირობებში უნდა ჩატარებულიყო, რომელიც შემდეგ შეჩერდა. რამდენიმე დღის წინ “საქართველო ლატარიის კომპანიის“ დირექტორის განცხადება წავიკითხე, რომ კომპანია სახელმწიფოს ხელში კვლავინდებურად აგრძელებს მუშაობას და არაფერი იცვლება. მანვე აღნიშნა, რომ ისინი ახლა ახალ კანონს ეცნობიან, რომელიც სულ სხვა რაღაცეებს ითვალისწინებს.
- თქვენ ამ კანონპროექტის ინიცირებას იმ მოვლენებს უკავშირებთ, რომლებზეც ცოტა ხნის წინ საუბრობდით?
- არ შემიძლია, რომ არ დავუკავშირო. იმიტომ, რომ დროში საკმაოდ უცნაური დამთხვევაა. გარდა ამისა, ამ კანონპროექტის მიხედვით, ფაქტობრივად არაფერი არ იცვლება გარდა ორი საკითხისა. ერთი ის, რომ კოსმეტიკური ცვლილებები ხდება, დეტალები, ტერმინოლოგია, პროცენტები ზუსტდება. ეს შესაძლოა აუცილებელი იყოს, მაგრამ საერთო ჯამში პრინციპი ერთი ჩნდება, რომ ისევ ერთი კერძო კომპანია გახდება ამ ბაზარზე მონოპოლისტი და ათი წლის განმავლობაში ლატარიის ჩატარების ექსკლუზიური უფლება ექნება. ჩვენ სწორედ ამ პრინციპს ვაპროტესტებდით თავის დროზე და შთაბეჭდილება გვქონდა, რომ სახელმწიფო ამას მიხვდებოდა და უფრო სწორ გზას აირჩევდა, რომელიც ამ ბაზრის დემონოპოლიზაციას გულისხმობს. სამწუხაროდ, პირიქით მოხდა. ამ კანონის მიხედვით, ძველ კომპანიას ექსკლუზივი ჩამოერთმევა, რომელსაც 200 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს და პასუხი ჩვენ არ გვაქვს ამ დავალიანებას რა ეშველება, ვინ გადაიხდის, იმიტომ, რომ სწორედ ამ ვალდებულებების სანაცვლოდ მიიღო კომპანიამ თავის დროზე ეს ექსკლუზიური უფლება და აღმოჩნდა, რომ მან ეს პირობები არ შეასრულა. მეორე საკითხი ისაა, რომ ახალი კომპანიაც ექსკლუზიურ უფლებებს მსგავს პირობებში მიიღებს და შემდეგ შეიძლება იგივე წრეზე წავიდეთ. ამ კომპანიას ისევ შეიძლება ვალდებულებები დაუგროვდეს და ა.შ.
- როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება არგუმენტაცია იყოს?
- ერთია, რომ საკითხის სწორი ანალიზი არ ხდება, ან მეორე თემაა, რომ შესაძლოა ვიღაცის ბიზნესინტერესებზე იყოს საუბარი.
- კონკრეტულად ვინმეს ხომ არ გულისხმობთ?
- არა, ვერავის ვერ ვიგულისხმებ. შესაძლოა თუ ვიღაცას თავიდან მიენიჭა ეს ექსკლუზიური უფლება, მერე შეიძლება გამოჩნდეს ვისი ინტერესი შეიძლება ყოფილიყო. ამ ეტაპზე რთულია ვინმეს დასახელება. მსოფლიო პრაქტიკა მხოლოდ ორ მოდელს იცნობს. ერთია, როდესაც ექსკლუზიური უფლება მხოლოდ სახელმწიფო კომპანიას ენიჭება, იმიტომ რომ ბევრ ქვეყანაში ლატარია აღქმული არ არის, როგორც ბიზნესი. ეს არის ერთგვარი “გადასახადი“ და სახელმწიფო კომპანიები ატარებდნენ ლატარეას და მთელი მოგება განათლებაში ან მეცნიერებაში მიდის. მე დიდად ამ მოდელის მხარდამჭერი არ ვარ, მაგრამ ამის უკან რაღაც ლოგიკა არის. ის, რომ ექსკლუზიური უფლება კერძო კომპანიას მიენიჭოს და მონოპოლისტი გახადო, ეს არსად არ ხდება. არსებობს მხოლოდ ის, რომ დიდ ქვეყნებში სახელმწიფო კომპანიაა ექსკლუზიური უფლების მქონე, ან ბაზარი სრულიად თავისუფალია.
- ბაზრისთვის ასეთი პრივილეგირებული კომპანიის არსებობა რა პრობლემას ქმნის?
- რაც შავდება ჩვენ ბოლო 7 წლის განმავლობაში დავინახეთ. 2009 წლიდან "საქართველოს ლატარიის კომპანიას" ეს ექსკლუზიური უფლება აქვს და ამ კომპანიის შემოსავლები ყოველწლიურად მცირდებოდა. შესაბამისად, ბიუჯეტის შემოსავლებიც მცირდებოდა. მოგებული საერთო ჯამში არავინ არ დარჩა. 2009 წლამდე ეს ბაზარი თავისუფალი იყო. რამდენიმე კომპანია იყო, რომელიც სხვადასხვა გათამაშებებს ატარებდა, ბაზარი გაცილებით თავისუფალი და ამ კონკრეტულ სეგმენტში ბიზნესის კეთების პირობებიც უკეთესი იყო.
კანონპროექტში არაფერი გვაქვს ხელჩასაჭიდი სანაცვლოდ იმისა, რომ განვაცხადოთ ამის შემდეგ უკეთესი სიტუაცია იქნება, როგორც ლატარიის ბაზარზე, ისე ბიუჯეტის კუთხითაც. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს იგივე წრეზე წასვლაა და მე მოვუწოდებ პარლამენტს, მთავრობას, რომ ამას გადახედოს. ეს მარტივი საკითხი არ არის, რადგან საქმე ათეულობით მილიონს ეხება. დღეს ბიუჯეტს 200 მილიონ ლარზე მეტი დააკლდა და 200 მილიონი ლარი ჩვენი ბიუჯეტისთვის არ მგონია ცოტა თანხა იყოს და ეს შეიძლება ისევ განმეორდეს.
- რეალურად თქვენ ერთადერთი რეკომენდაცია გაქვთ, რომ პრივატიზება მოხდეს და თვლით, რომ სხვა შემთხვევაში წარმატების მიღწევა შეუძლებელია?
- თუ პრივატიზაცია განხორციელდა ისე, რომ არსებულ ლატარიის კომპანიას ექსკლუზიური უფლება შეუნარჩუნდეს, ეს არაფერს შეცვლის, პირიქით, სიტუაციას გააუარესებს. მე მომხრე ვარ შემდეგი მოდელის, რომ არსებულ ლატარიის კომპანიას ექსკლუზივი ჩამოერთვას, იმ 200 მილიონს რა ეშველება ამაზე პასუხი არ მაქვს, ალბათ დეტალებია სანახავი ამ თანხის ამოღება თუ როგორ შეიძლება და მეორე - ბაზარზე არა ექსკლუზიური უფლების მინიჭება მოხდეს, არამედ გახსნილი იყოს და იმდენ მოთამაშეს ჰქონდეს მონაწილეობის უფლება, რამდენსაც სურვილი ექნება, როგორც სხვა ბიზნესში ხდება ხოლმე. ამით კი დარწმუნებული ვარ, რომ მომხმარებელიც იხეირებს, იმიტომ რომ არჩევანის საშუალება ექნება და ბიუჯეტიც იხეირებს, იმიტომ რომ არ მგონია არგუმენტები არსებობდეს იმის სასარგებლოდ, რომ მაინც და მაინც ერთ და ისიც კერძო კომპანიას უნდა ჰქონდეს ეს ექსკლუზივი და განსაკუთრებული უფლებები.

























