“ვერ ვიტყოდი, რომ ეროვნული ბანკი არის ერთადერთი უწყება, ვისაც ჩვენ პასუხი უნდა მოვთხოვოთ და მხოლოდ ინტერვენციებით შევეცადოთ კურსის გამყარებას,” - ამბობს საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირის აღმარულებელი დირექტორი გიგლა მიქაუტაძე BM.ge-ისთან.
მიქაუტაძის შეფასებით, ამ ვითარებაში ინტერვენციების განხორციელებას შეიძლება უფრო მეტად ერთჯერადი ეფექტი ჰქონდეს, კურსის რეალურ გამყარებას კი, სავალუტო შემოდინებების გაუმჯობესება, ახალი ინვესტიციების შემოსვლა და ფისკალური პოლიტიკის გაუმჯობესება ესაჭიროება.
“უკანასკნელმა ინტერვენციამ აჩვენა, რომ ცოტა ხანი აჟიოტაჟი ჩაწყნარდა, მაგრამ ვერ დავინახეთ გამყარების ნიშნები. შესაბამისად, ვერ ვიტყოდი, რომ ეროვნული ბანკი არის ერთადერთი უწყება, ვისაც ჩვენ პასუხი უნდა მოვთხოვოთ და მხოლოდ ინტერვენციებით შევეცადოთ კურსის გამყარებას. თუ სავალუტო ნაკადები არ გაუმჯობესდა, შემოდინებები თუ არ გაიზარდა შემოდინებები, მაშინ აზრი არ აქვს ეროვნული ბანკის მიმართ რაღაც განსაკუთრებულ კრიტიკას. ემოციურ მომენტებში, რა თქმა უნდა, ინტერვენცია გამართლებულია, იქიდან გამომდინარე, რომ პანიკური მდგომარეობა ჩაწყნარდეს, მაგრამ პანიკამ უკვე გაიარა და ახლა ინტერვენცია, ჩემი აზრით, იქნება რეზერვების ფლანგვა. ვფიქრობ, რომ უფრო მეტად უნდა ვიფიქროთ ფისკალური პოლიტიკის გაუმჯობესებაზე და ასევე, სხვა მექანიზმებზე, რომლებიც უფრო მეტად მთავრობის ხელშია და არა - ეროვნული ბანკის.
შოკის ნიშნები არ არის, რაღაც განსაკუთრებული ვითარება შოკური ალბათ არ გვაქვს, თუ არ გავითვალისწინებთ იმას, რომ ალბათ ერთადერთი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დაბალია, თურქეთში ეს უარყოფითი რიცხვიც არის. თუმცა, განსაკუთრებულ შოკის არსებობას მე ვერ ვხედავ, გამომდინარე იქიდან, რომ ტურიზმის სტატისტიკაც აჩვენებს, რომ რაღაც კარდინალური გაუარესება არ გვაქვს. შესაბამისად, ვერ ვიტყოდი, რომ ამ ეტაპზე რაიმე განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ეკონომიკა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ის, რაც სჭირს დღეს ლარს, ეს არის ახალი წონასწორობის ნიშნულის ძიების პროცესი და გაუფასურება, ჩემი აზრით, გამოიწვია იმან, რომ შემცირებულია რეალურად ინვესტიციები და ალბათ ექსპორტიც უფრო მეტად უნდა იზრდებოდეს. ინვესტიციების მოზიდვა კი არის მთავრობის ამოცანა,” - ამბობს მიქაუტაძე.

























