წამლის მწარმოებელი კომპანია Gilead Sciences-ი ევროპას პრეპარატ Remdesivir-ს შემოდგომისთვის მიაწვდის. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, Gilead-ი თითოეულ ქვეყანაში COVID-19-ის აქტიურ შემთხვევებზე დაყრდნობით გადაწყვეტს, თუ რომელ ქვეყანას რა რაოდენობის Remdesivir-ი გადასცეს.
როგორც გერმანიაში Gilead-ის მმართველი დირექტორი, ბეტინა ბაუერი ამბობს, კომპანია პრეპარატის წარმოებას დეკემბრამდე თვეში 190 000 დოზიდან 2 მილიონამდე გაზრდის, რაც კომპანიას სავარაუდოდ 1 მილიარდი დოლარი დაუჯდება.
Reuters-ი წერს, რომ კომპანიის მიმართ კრიტიკა მას შემდეგ გაიზარდა, რაც Gilead-მა COVID-19-ის სამკურნალო Remdesivir-ის არსებული დოზების მარაგი აშშ-ის თითქმის სრულად მიჰყიდა.