საქართველოს კულტურის და სპორტის მინისტრ მიხეილ გიორგაძის შეფასებით, პროექტ Check in Georgia-მ გაამართლა.
ამის შესახებ მინისტრმა BM.ge-ის პროექტის შეფასებისას განუცხადა.
გიორგაძე Check in Georgia 2018-ის იმ კომპონენტსაც იწონებს, რომლის თანახმად, ქართველ მომღერლებს წინასწარ განსაზღვრული კონცერტების ჩასატარებლად დარბაზებს უფასოდ გადასცემენ.
„ვფიქრობ, ეს სწორედ იმისთვის კეთდება, რომ არა მხოლოდ დედაქალქში, არამედ რეგიონებში, სადაც სეზონზე ყველაზე მეტი ტურისტი ჩადის, ვიზიტორებს საინტერესო და სახალისო სიტუაცია დახვდეთ; არ ვგულისხმობ მხოლოდ უცხოელ ტურისტებს; ეკონომიკის მინისტრმა არაერთხელ განაცხადა, რომ შიდა ტურიზმის გააქტიურება არანაკლებ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება საერთაშორისო ვარსკვლავების კონცერტებს, მიხეილ გიორგაძის შეფასებით, ყველა დარწმუნდა იმაში, თუ რა დიდი შემოსავალი მოაქვს ამ კონცერტებს კერძო სექტორისთვის.
BM.ge-ის რეპლიკაზე - „ეკონომიკის სამინისტრომ ამ დრომდე არ იცის რამდენი ბილეთი გაიყიდა Check in Georgia 2017-ის ფარგლებში გამართულ კონცერტებზე“, მინისტრმა აღნიშნული არ დაიჯერა.
„2017 წელს ამ პროექტს კულტურის სამინისტრო არ ახორციელებდა, ამიტომ შეიძლება გაყიდული ბილეთების ზუსტი რაოდენობა მე ვერ დაგისახელოთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეკონომიკის სამინისტროში ეს მონაცემები აქვთ. რაც შეეხება საზოგადოების დარწმუნებას, რომ ამ პროექტმა გაამართლა, ნათლად ჩანს იქიდანაც, რომ 2016 წელს, როცა კულტურის სამინისტრო ახორციელებდა პროექტს, ბიუჯეტზე დაწოლა პრაქტიკულად განულებული იყო. გარდა ამისა, 200 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი ჰქონდა კერძო სექტორს; ასევე, შემოწირულობებით და სპონსორული პაკეტებით 15 მლნ ლარამდე შემოვიდა, რაც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯა. ციფრები მეტყველებს იმაზე, რომ პროექტმა გაამართლა“, - ირწმუნება მიხეილ გიორგაძე.
ცნობისთვის: BM.ge-მ აპრილის დასაწყისში გამოითხოვა ინფორმაცია Check in Georgia 2017-ის ფარგლებში გამართულ კონცერტებზე გაყიდული ბილეთების და ღირებულების შესახებ, მაგრამ ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნული მონაცემები ამ დრომდე არ მოუწოდებია.