მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი აბრამიშვილი: ბლოკჩეინ ტექნოლოგიით ვაჭრობა ელექტროენერგიას გააიაფებს

5ccd9d39ea29b
დავით ჯალაღონია
04.05.19 19:20
1169
USAD-ის პროგრამის „მმართველობა განვითარებისთვის“ ფარგლებში მომზადდა პროტოტიპი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ბლოკჩეინზე დაფუძნებული სისტემით ელექტროენერგიით ვაჭრობისას ანგარიშსწორება. მაგალითად, თუ დღეს, დაახლოებით ორი თვე სჭირდება გენერაციის ობიექტსა და ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორს შორის ფულად ანგარიშსწორებას, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დახმარებით, დღის ბოლოს უკვე შეიძლება მხარეებს შორის ანგარიშსწორება.

ამ სისტემაზე USAID–თან ერთად და მანამდეც, საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაცია მუშაობდა, რომლის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი BM.GE–სთან საუბრისას განმარტავს, რომ ეს პროტოტიპი მხოლოდ ანგარიშსწორების ნაწილია, საბოლოო ჯამში კი, ბლოკჩეინის სისტემა კონტრაქტებისა და ფინანსურ მენეჯმენტს უფრო ეფექტურს გახდის.

"ჩვენი ასოციაცია თითქმის ორი წელია, ამ პროექტის გარშემო ვმუშაობთ, არაერთი ნაციონალური და საერთაშორისო ექსპერტის დახმარებით. საბოლოო ჯამში, USAID-მა აგვიბა მხარი და მხარდაჭერა გამოთქვა საწყის ეტაპზე. შედეგად, „დელოიტის“ ექსპერტებთან ერთად დაიწერა კონცეპტის დასტური და შეიქმნა პატარა პროტოტიპი იმისა, რომ ბლოკჩინზე შეიძლება ენერგეტიკული ვაჭრობის პლატფორმა ამუშავდეს.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა. ესკო–ც (ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორი) ჩაერთო აქტიურად და პირველი კონსორციუმი შეიქმნება ჩვენს, გენერაციის ობიექტებსა და კომერციულ ოპერატორს შორის.

საბოლოო ჯამში, ამ ტექნოლოგიების გამოყენების ერთ-ერთი მთავარი სიკეთე არის ის, რომ ამ პლატფორმაზე ტრანზაქციების ღირებულება ბევრად დაიკლებს. იქიდან გამომდინარე, რომ ავტომატიზირებული იქნება მთელი სისტემა, ანუ ნაკლები ადამიანური რესურის გამოყენება იქნება საჭირო, ბანკების როლი ნელ-ნელა უკან დაიწევს, ასევე გარანტიების ნაწილში, რომელიც აპრობირებული მეთოდიკაა დასავლეთში, რომ ვაჭრობა გარანტიების საშუალებით ხდება, ამ ნაწილშიც ფინანსური ორგანიზაციებისა და ბანკების როლი შემცირდება, შესაბამისად ეს ტრანზაქციებისა და ელექტროენერგიის ღირებულებას გააიაფებს", – განმარტა გიორგი აბრამიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ მოდელზე მუშაობას დაახლოებით, ერთი წელი დასჭირდება და მისი პრაქტიკაში დანერგვა, მხარეთა დასტურის შემთხვევაში, 2020 წლის მაისში შესაძლებელი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები