მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი აბრამიშვილი: ენერგეტიკაში ინვესტიციების მოზიდვა ბევრად რთული გახდა

592fa9f0156d5
დავით ჯალაღონია
01.06.17 09:43
2468
კომპანია "ენერჯი სოლუშენის" ხელმძღვანელი გიორგი აბრამიშვილი მიიჩნევს, რომ ჰიდროელექტროსადგურებთან გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობები ელექტროენერგიის შეძენის შესახებ უნდა შეიცვალოს.

"ჩვენ იქით თუ მივისწრაფით, რომ სრული ენერგოდამოუკიდებლობა მოხდეს და საკუთარ ენერგოწარმოებას და გენერაციას ხელი შევუწყოთ, ძალიან მნიშვნელოვანია, არსებობდეს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები, რომელიც არა მხოლოდ რვათვიანი, როგორც ამჟამად არის, არამედ თორმეტთვიანი იქნება", - განაცხადა აბრამიშვილმა იმ ფონზე, როცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს მთავრობასთან ერთად ენერგოსექტორში ფისკალური რისკების შესამცირებლად მუშაობს.

აბრამიშვილი გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებით სახელმწიფოს მიერ ელექტროენერგიის შეძენის ვალდებულების გაზრდის საჭიროებას თურქეთის ენერგეტიკულ ბაზარზე შემცირებული ფასებით ხსნის, სადაც საქართველოში წარმოებული ელექტროენერგია გაზაფხული-ზაფხულის თვეებში გადის.

"თურქეთის ბაზრის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, სადაც ფასები ძალიან დაბლა წავიდა, ბევრად უფრო რთული გახდა ინვესტიციების მოზიდვა, შესაბამისად, ჩვენი მთავრობის პრიორიტეტებია განსასაზღვრი - ფინანსური უსაფრთხოება უნდა ჰქონდეს ფისკალური კუთხით, თუ ენერგოუსაფრთხოება და შესაბამისად, ხელი შეუწყოს საკუთარ ინვესტიციებს და იმპორტის სახით ჩვენი ფინანსური რესურსების ჩასხმას მეზობელი ქვეყნების ეკონომიკაში არ ვახდენდეთ", - განაცხადა აბრამიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები