ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო. მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ ერთ კვირაზე მეტ ხანს იმყოფებოდა. მას განაჩენი 25 ივლისს უნდა გამოეცხადებინა, თუმცა სხდომა მოულოდნელად გადადო. გასულ პროცესზე ბრალდებულმა გიორგი ახობაძემ საბოლოო სიტყვით ისარგებლა.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მისი და დაცვის მხარის პოზიციით, გიორგი ახობაძეს ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონდა და ის სამართალდამცველებმა „ჩაუდეს“. ამასთან, მათი განმარტებით, ნარკოტიკულ საშუალებაზე გიორგი ახობაძის პირის ღრუდან აღებული ნერწყვის ნიმუში გადაიტანეს.
ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




























