მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გიორგი ბაჩიაშვილი ივანიშვილის იურისტის განცხადებას პასუხობს

გიორგი ბაჩიაშვილი

ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი CEO გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ლაშა კალანდაძის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებას პასუხობს. გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, მთავარი მიზეზი, რის გამოც ბანკმა ივანიშვილის პროკურატურას საბანკო საიდუმლოება არ მიაწოდა, ის არის, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი დაუსაბუთელია. სწორედ ამიტომ ბანკმა "ცუდად შეკერილ საქმეში" მონაწილეობა არ მიიღო.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ლაშა კალანდაძის განცხადებით, საქართველოს პროკურატურამ მიმართა შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ს, რომელშიც მათი ინფორმაციით გიორგი ბაჩიაშვილი დეპოზიტს ინახავს და ბანკს მისი ანგარიშების ნაშთის და ბრუნვის შესახებ ინფორმაციის წარდგენა მოსთხოვა, ხოლო ბანკმა ამ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემაზე უარი განაცხადა. ლაშა კალანდაძის განცხადებით, ეს Julius Baer-ის მხრიდან იმის მინიშნებაა, რომ ბანკი ჩართულია პოლიტიკურ პროცესში ივანიშვილის წინააღმდეგ.

გიორგი ბაჩიაშვილი თავის საპასუხო განცხადებაში იმასაც ამბობს, რომ არც ერთი ცივილიზებული ქვეყანა ივანიშვილის დანაშაულებრივი ქმედებების ინსტრუმენტი არ გახდება.

"ამ კაცს ნორმალური იურისტიც არ დარჩა გარშემო რომ აუხსნას როდესაც მიმართავთ შვეიცარიას კერძო პირზე ინფორმაციის გამოთხოვაზე ამას უნდა მიაყოლოთ ელემენტარული დასაბუთება. თქვენს შემთხვევაში მიმართვა იყო განხორციელებული ისე ცუდად შეკერილი სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე რომ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის ფარგლებში შვეიცარიამ არ მოგაწოდათ არანაირი დოკუმენტი აქ დიფ სთეითი და გლობალური ომის პარტია არაფერ შუაშია.

აქ საქმე გაქვთ ცივილიზებული სამყაროს მიერ თქვენი უკანონო, ძალადობრივი და გამოძალვითი ქმედებების მხილებასთან და ხელის არ შეწყობასთან. შვეიცარია და არცერთი ცივილიზებული ქვეყანა არასოდეს არ გახდება თქვენი დანაშაულებრივი ქმედებების ინსტრუმენტი", - აცხადებს გიორგი ბაჩიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ზაფხულიდან გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ დიდძალი თანხის, კერძოდ კი კრიპტოაქტივების მითვისებაზე მიმდინარეობს გამოძიება. საქმეში დაზარალებულის სტატუსი ბიძინა ივანიშვილს აქვს მინიჭებული. საქმეზე მომდევნო განხილვები სასამართლოში 23 იანვრიდან ჩაინიშნა.

გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. 2023 წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები